ახალი ზელანდიის ნაკრებმა ახლახან ოთხი ერის გათამაშება მეათედ მოიგო. ახალი ამბავი არ არის, რომ ამ ქვეყანაში რაგბი ლამის რელიგიის დონემდეა აყვანილი. რატომ აფანატებენ რაგბიზე ახალზელანდიელები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი საქმე სულაც არ არის. 2011 წელს, ახალზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ყოფნისას, არაერთი ადგილობრივისგან მსმენია, რომ თურმე რაგბი ახალ ზელანდიაში გამოიგონეს. ამის დასამტკიცებლად, ცხადია, არც რაიმე არტეფაქტი არსებობს და არც რამე სხვა საბუთი. თუმცა, ახალზელანდიელებთან ამ თემაზე კამათს აზრი არ აქვს. ყოველ მათგანს ღრმად წამს, რომ რაგბი მათი ეროვნული თამაშია.
ახლახან, ოლ ბლექსში მოთამაშე სამი ძმა ბარეტებისგან ერთ-ერთი, ბოდენ ბარეტი და ძმები არდი და ჯულიან სავეა, ერთ-ერთ ახალზელანდიურ რადიოში იყვნენ მიწვეულნი, სადაც დაწვრილებით უამბეს მსმენელებს როგორ ძლიერ უყვართ რაგბი და როდის “დაავადნენ” ისინი ოვალური ბურთით თამაშით.
გთავაზობთ ამონარიდს მათი მონათხრობიდან, რაც, ვფიქრობთ, საშუალებას მოგვცემს დაახლოებით მაინც გავიაზროთ რას ნიშნავს რაგბი ახალზელანდიელებისთვის.
ბოდენ ბარეტი: ახალზელანდიელი ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი ბიჭებისთვის რაგბი – ეს ყველაფერია. ჩემი ყველაზე ადრინდელი მოგონება ისაა, როგორ ვსხედვართ მე და მამა ტელევიზორთან და ოლ ბლექსის ჰაკას ვადევნებთ თვალს. ხანდახან ეკრანის წინ ვდგებოდი და მოძრაობების გამეორებას ვცდილობდი. იმ დროს ჩვენს მორაგბეებს კომიქსების ზეგმირებად აღვიქვამდი.
სამი ძმა: ჯორდი, სკოტ და ბოდენ ბარეტი მშობლებთან ერთად
ჯულიან სავეა: ბოდენს გაუმართლა. მას ბავშვობაში Sky Sports-ის სატელევიზიო პაკეტი ჰქონია. ჩვენ ეს ფუფუნება არ გაგვაჩნდა და, ამიტომ, მამას ხან ბარში ან პაბში მივყავდით, თხილს მივირთმევდით და ოლ ბლექსის მატჩებს ვუყურებდით. ნამდვილად ასეა. როცა ახალზელანდიელი ხარ რაგბი შენთვის რაღაც განსაკუთრებული ხდება, ის ჩვენი კულტურის ნაწილია. შაბათობით რაგბის მატჩების ყურება რაღაც განაკუთრებულ მოვლენად გარდაიქმნებოდა ხოლმე. როცა ბარში მივიდოდით ან რომელიმე ნათესავს ვესტუმრებოდით, იქ ჩვენი ნათესავები და მათი შვილები იკრიბებოდნენ. იქმნებოდა ერთგვარი საზოგადოება, რომელსაც რაგბი აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იკრიბებოდა და შინ გვინ ღამით ბრუნდებოდა, მთელ დღეს რაგბიზე ლაპარაკში ვატარებდით.
არდი სავეა: სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი ოლ ბლექსთან ერთად ჰაკას მოძრაობების გამეორებას. მრცხვენოდა ბარში ამის კეთება აურაცხელი ადამიანის თანდასწრებით. რაგბის ძმასთან ერთად სახლის აივანზე ვთამაშობდით. ბავშვობაში რაგბის ბურთი არ გვქონდა ამიტომ, ვიღებდით ძველ გეტრს, ვტენიდით მასში გამოუსადეგარ ნაჭრებს, თავს კარგად გავუკოჭავდით და იწყებოდა დიდი ჟრიამული.
ჯულიან სავეა: აღასანიშნავია, რომ თამაშის წესები არ ვიცოდით. არც ტექნიკურ ილეთებს ვფლობდით. რაღაც ბურთის მაგვარს ვიღებდით და ვიწყებდით მისთვის ბრძოლას. მორგი შეჯახების შემდეგ არდი ტირილს იწყებდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. მშობლები თავიდან გვიბრაზდებოდნენ, მერე ამას ნელ-ნელა შეეგუენ და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ. ვფიქრობ, არდის ჩემზე მეტად უყვარდა რაგბი. როცა ჩვენი საბავშვო გუნდის მატჩი წვიმის გამო გადაიდებოდა, ის ფიქრობდა, რომ დედა ატყუებდა, რათა სათამაშოდ არ გავეშვით.
არდი სავეა: დიახ, ეს მართალია. მაინც გავრბოდი სახლიდან. მერე მარტო ვიდექი კოკისპირული წვიმის ქვეშ და ვხედავდი – სტადიონზე მართლა არავინ იყო. მხოლოდ მე ვიდექი უკანსაკნელ ძაფამდე სველი. მაშინ არ მესმოდა, რატომ გადადეს მატჩი. განა არ შეიძლებოდა გვეთამაშა? რაგბი უკვე მაშინ ყალიბდებოდა ჩვენი ცხოვრების არსად.
ჯულიან და არდი სავეა ბლედისლოუს თასზე მორიგ ტრიუმფს ზეიმობენ
ბოდენ ბარეტი: დიახ, ასე იყო. როცა ოლ ბლექსი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშებოდა მაღვიძარას დილის ხუთ საათზე ვაყენებდი. თანაც ეს უქმეებზე ხდებოდა. ვერ წარმომიდგენია, ცხოვრებაში კიდევ რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც მაიძულებდა ასე ადრე გამეღვიძა. უკვე მაშინ ვოცნებობდი ახალი ზელადნდიის ნაკრებში თამაშზე და, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის დიდი შანსი არსებობდა.
ჯულიან სავეა: ოჰოო, ეგრე თავდაჯერებული იყავი? მე და ჩემი ძმა კი, ვოცნებობდით ერთად გვეთამაშა ველინგტონის რომელიმე კლუბში. ოლ ბლექსში თამაში თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა.
ბოდენ ბარეტი: გეთანხმები, როცა ნაკრების შავ კვართს იცვამ ენითაუწერელი განცდაა, მაგრამ შენთან ერთად ამას რომ შენი ძმაც ახერხებს, ეს ემოცია როგორ გადმოგცეთ წარმოდგენა არ მაქვს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.
P.S. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას ბორჯღალოსნები ერთი კვირის განმავლობაში ფერმერთა დაბა მასტერტონში ცხოვრობდნენ და ვარჯიშობდნენ. ადგილობრივებმა, ჩვენს დელეგაციას ბევრი საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს. ერთ საღამოს კი, ჩვენი გუნდის მოთამაშეები ვახშამზე შინ დაპატიჟეს. თითო მასპინძელს სამი ან ოთხი მორაგბე სტუმრობდა. მე, ნაკრების გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე და მენეჯერი ბაჩო ხურციძე (ის ახლა რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტია) ამ ყოველივეს ორგანიზატორმა კეტრინ როსიტერ-სტიდმა მიგვიწვია თავისთან. მას სამი შვილი ყავდა, ორი გოგო და ერთი ვაჟი. როცა სახლში შევედით, პირველი რაც თვალში გვეცა შესასვლელის კუთხეში სათუთად დალაგებული სამი რაგბის ბურთი იყო. სამი შვილიდან სამივეს თავისი ბურთი ქონდა. მოგვიანებით, კეტრინთან მიმოწერის შედეგად შევიტყვე, რომ უფროსი ქალიშვილი ცხენოსნობით ყოფილა გატაცებული. შუათანა გოგო ბურთიანი ჰოკეის მეკარე გამხდარა. ვაჟი კი, რომელიც უმცროსი იყო დღემდე რაგბის თამაშობს.
ახალზელანდიელები ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავისთვის სასურველ სპორტის სახეობას ირჩევენ, მაგრამ პირველი კონტაქტი სპორტთან ყველასთვის რაგბით, ოვალური ბურთით ხდება.