ჰერთფორშირში დაწყებული პატარა ისტორია საოცარ ციფრულ კამპანიაში გადაიზარდა. „სტივენიჯი“ პატარა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ინგლისის, რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც Ea Sport-მა ბრიტანული კლუბები თითქმის მთლიანი შემადგენლობით საფეხბურთო სიმულატორ Fifa-ში დაამატა, ცხადია, „სტივენიჯიც“ თამაშში მაქსიმალურად ინტეგრირდა.
აღნიშნული ამბით Burger King დაინტერესდა და მათთვის ექსპერიმენტული სასპონსორო თანამშრომლობა დაიგეგმა, საუბარი იყო კომპანიისა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლობაზე, სასპონსორო თანხის სანაცვლოდ, კომპანიის ლოგო კლუბის მაისურზე გამოჩნდა და ისტორიაც აქ დაიწყო.
Burger King-მა სპეციალური ჩელენჯი გამოაცხდა, რომლის იდეაც შემდეგში მდგომარეობდა – ფიფას მოთამაშეებს „სტივენიჯი“ უნდა აერჩიათ, თამაშში დაემატებინათ ცნობილი ფეხბურთელები, გაეტანათ გოლები და ეს ვიდეოები სოციალური მედიის საშუალებით გაევრცელებინათ. კამპანიამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია, რამდენიმე კვირაში ინტერნეტ სივრცეში, დაახლოებით, 35 000 ვიდეო გამოჩნდა. მოთამაშეებს ლიონელ მესით, კრიშტიანუ რონალდუთი, ნეიმარით და სხვა ვარსკვლავებით ულამაზესი გოლები გაჰქონდათ, ფეხბურთელებს „სტივენიჯის“ ფორმები ეცვათ და ყველა ვიდეოში წინა პლანზე „ბურგერ კინგის“ ლოგო ჩანდა.
კამპანიის შედეგად, ისტორიაში პირველად, ინგლისურმა კლუბმა ფრანჩაიზიც გამართა, გაიყიდა დიდი რაოდენობის მაისურები და სხვა ატრიბუტიკა. გაიზარდა კლუბის ცნობადობა, რაც პირდაპირ აისახა მათი სოციალური მედიის არხების ზრდასა და განვითარებაზე. „ბურგერ კინგი“ თანამშრომლობით კმაყოფილია და სამომავლოდ, კლუბთან მიმართებაში სხვა უფრო დიდი და საინტერესო იდეები აქვს. თავის მხრივ, კლუბის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.