რატომ?.. მწარე სექტემბერი და მიზეზები

მწარე სექტემბერი… სამი მატჩი, სამი წაგება, საერთო ჯამში 1:9, წუწუნი, კითხვის ნიშნები შემადგენლობაზე, გამოძახებულ ფეხბურთელებზე, მერე მათ არჩამოსვლაზე თუ ვერჩამოსვლაზე, შეკრებიდან კლუბში დაბრუნებაზე. ეს თემები დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიიდან ისეა შესწავლილი, ცოტა საქმეში ჩახედული გულშემატკივარიც კი დისერტაციას დაიცავს.

ნაკრები აისბერგის წვერია და იქამდე ხდება მნიშვნელოვანი ამბები, მერე კი ერთად გროვდება. ჩვენი უბედურება ისაა, რომ მუდამ ერთ-ორ ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებულნი – აი, ჩაკვე გვიშველის, აი, კვარა იფრენს. დავაკვირდეთ, რამდენჯერაც არც ჩაკვეტაძე იყო და არც კვარაცხელია (და პლუს მათ კიტეიშვილიც დაემატა), ნაკრებმა საშინლად ითამაშა. თამაში არც ერქვა. ახლანდელ ჩაკვეტაძეს ნუ ჩავთვლით, რომელიც ჯერ ფორმაში არაა.

და 2-3 კაცი მოუგებს მეტოქის 11-ს? სამომავლოდ რას ვაპირებთ? არა გვგონია, თუნდაც კოსოვოში სათითაო ფეხბურთელზე იყვნენ დამოკიდებულნი. არაფერს ვამბობთ ხორვატიაზე, სადაც თითქმის ყველა სოფელს გუნდი ჰყავს და შესაბამისად, ტალანტებიც თავზე საყრელად. ჩვენთან კი ვინც არიან, იმათაც ვერ ვუფრთხილდებით. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო… ფეხბურთში კი ერთი კი არა, ორი-სამიც არ კმარა, ბევრი მერცხალია საჭირო.

ძალიან ჭირს 17-18-19 წლის ასაკიდან პროფესიონალებში გადასვლა. ასაკობრივი ლიგებიდან გადასვლის სისტემაა მორყეული, რადგან მორყეულია სკაუტინგი… ბევრ ფაქტს შეხვდებით, ის ბიჭები, რომლებიც ასაკობრივ ლიგებს იგებდნენ და გამორჩეულები იყვნენ, დაიკარგნენ, რადგან მათ არავინ დაეხმარა, საკადრისი კლუბი ვერ უშოვეს და სადღაც დაბალ ლიგაში მიაგდეს. ამ დროს კი ორი თვის წინ 0:7 და 0:8-ს რომ აგებდნენ, ისინი იოლად მოხვდნენ პროფდონეზე, იოლად გაუკაფეს გზა.

ესაა ცუდი სკაუტინგი. როგორ ფიქრობთ, რატომ გაუარესდა ქართული კლუბების შედეგები ევროტურნირებზე?

გვერწმუნეთ, ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა და მეტი ყურადღებაა საჭირო. მეტი ტალანტი უდრის ნაკლებ პრობლემას სამომავლოდ. ეს აქამდე რომ გაკეთებულიყო, ახლა მხოლოდ ჩაკვე-კვარა-კიტეზე არ ვიქნებოდით დამოკიდებულნი. მერე უფრო ღირსეული კადრები მოხვდებოდნენ ნაკრებში და ტრაგიკომიკურ ეპიზოდებსაც ავცდებოდით, ამ სამ მატჩში რომ ვნახეთ და სანიოლი გაშტერებული რომ შლიდა ხელებს, ეს რა ხდებაო.

მეოთხედი ჩაკვეტაძე შემოვიდა ესპანეთთან და შეეტყო, რომ ნაკრები ცოტა დალაგდა. მერე რა, რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, შემოვიდა და ტვინი დაატყო ნაკრებს. ჩაკვე განსხვავებული სტილისაა, აზრიანი და გუნდური. შესაბამისად, ყველაზე იოლად შეეგუა ევროპულ სტანდარტებს (სანამ ტრავმას მიიღებდა)

ამიტომ, მიხედეთ ახალგაზრდებს საქართველოში. არიან კარგები. და სადაც მამარდაშვილმა ამხელა ვალენსიის დონე ასწია, აბა დაფიქრდით – იქნებ, სხვებს გაცილებით სუსტ ევროპულ კლუბებში გამოუვიდეთ თამაში? ყველაფერი ხომ შედარებითია?! ძალიან მაგარია მამარდა, მაგრამ იმასაც ხომ ვერ იტყოდი, საქართველოს ჩემპიონატში მარტო თამაშობდა და სხვები ნაცარს ქექავდნენო… ე.ი. სხვებიც შეიძლება. მითუმეტეს, მამარდას ესპანური ამბები ზოგადად ქართველებისადმი ინტერესს გაზრდის – ეს უეჭველი პროცესია.

და მადლობა ეკუთვნის მენეჯერ ლევან სეთურიძეს, რომელმაც სწორად გათვალა და ამხელა კლუბის სტრუქტურაში წაიყვანა მამარდა: კლუბი, რომელიც ახალგაზრდებს ხელს არ უშლის და თან, მაგარი სამეკარეო სკოლა აქვს.

თქვენთვისაც ხომ კარგია და სარგებელია, რომ ახალგაზრდებს ხელი გაუმართოთ და ტრანსფერი მოარტყათ. მერე რა იცით, რა ხდება?  ოღონდ, მართლა ნიჭიერებს, პროფესიონალებსა და შრომისმოყვარეებს გაუკაფეთ გზა. იმათ თავი გაანებეთ, ტესტებზე კუნთი რომ ეჭიმებათ და ღამის კლუბებს რომ ვერ ელევიან.

ითქვა პატრიოტიზმზეც, საქმის სიყვარულზეც. ვფიქრობთ, ეს თავისთავად უნდა მოდიოდეს და ფეხბურთელებს გულში უნდა ჰქონდეთ. ამაზე ლაპარაკი არც უნდა იყოს საჭირო… აქ პროფესიონალიზმზე და საფეხბურთო თემებზე ვწერთ.

ახლა ისე ნუ გაიგებს მკითხველი, რომ ვილი სანიოლს ხელს ვაფარებთ. სულაც არა. იცოდა, სადაც მოდიოდა და რა რესურსიც ელოდა – პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს, მაგრამ სანიოლი დღესაა აქ, ხვალ წავა… ისე, ნეტა ვცდებოდეთ, მაგრამ ჩანს, რომ სადავეები ხელიდან გაექცა და ის გუნდური ფეხბურთიც გაქრა, ვლადიმირ ვაისის დროს რომ იყო. ვაისი დიდი რეიტინგით ვერ გამოირჩეოდა ჩვენთან, უმრავლესობას არ უყვარდა და ცუდი პიარიც აუგორეს, მაგრამ „ეს ვინ გამოიძახა“, „ამას რა უნდა ნაკრებში“ და ასეთ კითხვებს არ ტოვებდა.

სანიოლი ხვალ თუ არა ზეგ წავა, ან გაუშვებენ. ჩვენ კი ეს პრობლემები თუ არ მოვაგვარეთ, ნიჭიერებს თუ არ მოვუფრთხილდით, სანიოლი კი არა, ათი ლიპი ერთად ვერ გვიშველის.

ერთ დიდ პრობლემაზე, რომელიც ვფიქრობთ, ცალკე დასაწერია. არაა საფეხბურთო მსჯელობა, ან თუ არის, მხოლოდ ლანძღვა-გინებაზე, ცარიელ ემოციებზე აგებული. ორ-სამ და ოთხ ხმაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როცა ერთი მეორეს არ უსმენს. რაიმე შენიშვნას იტყვი და მტერი ხარ, ან პარტიული ინტერესი გაქვს – აქ ხომ ყველაფერი პოლიტიკაზეა აგებული…

ადრე ასე არ იყო, ფედერაცია-ჟურნალისტები-ფეხბურთელები-გულშემატკივრებს შორის მეტი კავშირი არსებობდა, მეტი იყო მოთხოვნა და კითხვებიც ნაკლებად რჩებოდა. არ მოვსწრებივართ, მაგრამ გაგვიგია, თბილისის დინამო თამაშს რომ წააგებდა, ორი-სამი დღე ფეხბურთელებს რცხვენოდათ და სახლიდან არ გამოდიოდნენ. ახლა?

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *