ასეთი სიტუაცია საფეხბურთო სამყაროში არასტანდარტულია – ბრაზილიასა და არგენტინას შორის გამართული მატჩის დროს, ბრაზილიელი წარმომადგენლები მოედანზე შეცვივდნენ და მატჩის შეწყვეტა მოითხოვეს. რა მოხდა?
საქმე იმაშია, რომ, ბრაზილიაში, კორონავირუსთან ბრძოლის პროტოკოლში, ბრიტანეთიდან ჩასულმა ადამიანებმა 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ამ შემთხვევაში, ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამიტომ პრემიერლიგაში მოთამაშე ოთხი არგენტინელი ფეხბურთელი (სამი ძირითადში): ემილიანო ბუნენდია, ემილიანო მარტინესი (ორივე ასტონ ვილა), ჯოვანი ლო სესლო და კრისტიან რომერო (ორივე ტოტენჰემი) მოედანზე გამოჩნდნენ.
რა თქვა ბრაზილიურმა მხარემ: “მსაჯის გადაწყვეტილებით, ფიფას მიერ ორგანიზებული ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრა შეჩერებულია.
ბრაზილიური წესების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ბრიტანეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, რაც არ შესრულებულა.
ეს შედეგი იმიტომ მივიღეთ, რომ ANVISA-ს პროტოკოლი არ გაითვალისწინეს,” – ეს ანტონიო ბარა ტორესის სიტყვებია, რომელიც ბრაზილიაში ჯანმრთელობის ორგანოს – ANVISA-ს ხელმძღვანელობს.
რა თქვა არგენტინულმა მხარემ? ლეო მესისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის განცხადება თითქმის იდენტურია – ფეხბურთელები 3 დღეა ჩამოსულები არიან და აქამდე პრეტენზია რატომ არ გამოთქვესო.