დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში 6:3 6:2 3:6 6:3 სძლია მატეო ბერეტინის და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი ესპანელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – პირველი სეტი 6:3 მოიგო, ხოლო მეორე 6:2. იტალიელი გვიან გამოფხიზლდა – მესამე პარტიაში გამოასწორა ჩაწოდების პროცენტული მაჩვენებელი და ერთი სეტი გაქვითა 6:3, თუმცა მეოთხეში „რაფამ“ ისევ დაიბრუნა უპირატესობა, 6:3 იმარჯვა და კარიერაში მეექვსედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში.
ფინალურ მატჩში რაფაელი მედვედევ/ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნადალი კარიერაში 29-ედ ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში (ჯოკოვიჩი, ფედერერი – 31).
ATP-ზე ესპანელი 128-ე ფინალში იასპარეზებს.
ნადალმა ჰარდის საფარზე მე-500 გამარჯვება მოიპოვა და ღია ერაში გახდა მეოთხე ჩოგბურთელი, ვინც ეს შეძლო (500 მოგება, 139 მარცხი).
მატეო ბერეტინიმ დიდი სლემის ტურნირებზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან და მეშვიდე შეხვედრა წააგო.
ATP-ზე იტალიელის ბალანსი ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან ასე გამოიყურება 7-17.