ვაშინგტონში მიმდინარეობს ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარუმატებლად იასპარეზა რაფაელ ნადალმა.
ტურნირის 1/8 ფინალში ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე ლოიდ ჰარისი გახლდათ.
სამხრეთ აფრიკელმა პირველი სეტის მე-7 გეიმში სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა და მეორე მცდელობით ბრეიკი შეასრულა 4:3.
ჰარისი დამაჯერებლად აწვდიდა, რისი წყალობითაც მალევე სეტიც მოიგო 6:4.
ნადალი დროულად გამოფხიზლდა – ესპანელმა მეორე სეტში ორჯერ დააბრეიკა მეტოქე, 7 გამართული გეიმიდან 6 მოიგო და 33 წუთში სეტებში ანგარიში გაათანაბრა 1:1 (4:6 6:1).
მესამე, გადამწყვეტ სეტში რაფაელი ტერფის ტრავმამ შეაწუხა. იგრძნობოდა რომ ნადალი „გაძლებაზე“ იყო.
ჰარისმა პირველ და მე-5 გეიმებში ჯამში 3 ბრეიკპოინტი გადაარჩინა და მეათე გეიმს ლიდერის რანგში შეხვდა 5:4.
რაფაელმა არადამაჯერებლად დაიწყო გეიმი და მეტოქე მატჩპოინტამდე მიუშვა 30:40. ესპანელმა დამაჯერებლად ჩააწოდა, ლოიდმა გაჭირვებით მოიგერია ბურთი. ნადალი ბადესთან გავიდა კომბინაციის დასასრულებლად, თუმცა ხეირიანი დარტყმა არ გამოუვიდა, რითაც ჰარისმა ისარგებლა – თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა 6:4 1:6 6:4.
ვაშინგტონის ტურნირის 1/4 ფინალში ლოიდ ჰარისი კეი ნიშიკორის შეხვდება.