რაფაელ ნადალმა ესპანელ ჟურნალისტებთან იმ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც მან განიცადა 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ყურებისას.
“მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საყურებლად კატარში ისეთი განწყობით წავედი, რომ სპორტული შოუ უნდა მენახა. სამწუხაროდ, ესპანეთის ნაკრები 1/8 ფინალში გამოეთიშა ასპარეზობას და მე ფინალურ მატჩში განსაკუთრებით არცერთ ნაკრებს არ ვგულშემატკივრობდი.
ძალიან მაგარი ფინალი გამოვიდა. ერთისმხრივ მეწყინა რომ ჩემი ფრანგი მეგობრები მოედანს იმედგაცრუებულები ტოვებდნენ, თუმცა არგენტინელთა შორისაც ბევრი ახლობელი მყავს.
როგორც ფეხბურთის დიდ მოყვარულს, ძალიან გამიხარდა რომ მესიმ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება.შთამბეჭდავი კარიერის კულმინაცია სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. მე მგონია – მესიმ რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ეს სამართლიანია.
არგენტინის გულშემატკივარი არასდროს არ ვყოფილვარ, თუმცა როდესაც ლეომ ექსტრა ტაიმში გოლი გაიტანა, თვალებზე ცრემლი მომადგა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან ასეთი ლეგენდარული სპორტსმენი, როგორიც მესია ამდენი წვალების შემდეგ მაინც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით 70-ე წუთის შემდეგ” – განაცხადა დიდი სლემის ტურნირების 22 გზის გამარჯვებულმა რაფა ნადალმა.