გასულ შაბათს, ცნობილმა იუთუბერმა, ჯეიკ პოლმა UFC-ს მრავალგზის ჩემპიონი, ტაირონ ვუდლი მე-6 რაუნდში, ძლიერი მარჯვენა ოვერჰენდით გათიშა. 24 წლის ახალბედა მოკრივემ ვეტერანი მებრძოლი უკვე მეორედ დაამარცხა.
ბუნებრივია, ბევრ გულშემატკივარში ეჭვი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იუთუბერმა, რომელიც სულ რაღაც 3 წელია ვარჯიშობს კრივში, ორჯერ დაამარცხა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, თანაც მეორედ ბრუტალური ნოკაუტით… ეს ფაქტი, კონსპირაციის თეორიის მოყვარულმა გულშემატკივრებმა, წინასწარ დადგმულ და შეთანხმებულ სცენარს მიაწერეს, რის თანახმადაც ჯეიკმა ვუდლი მოისყიდა. ეს აზრი არ გავს ლოგიკას მოკლებულს, იქედან გამომდინარე, რომ ჯეიკ პოლის ქონება რამდენჯერმე აღემატება ვუდლის ქონებას, თანაც ვუდლიმ უკვე მისი ოქროს წლები განვლო ხოლო ჯეიკი უდიდეს ინვესტიციებს დებს მისი კრივის კარიერაში.
გარდა ზოგადი მოცემულობისა, გულშემატკივრების ყურადღება კონკრეტულმა მომენტმაც მიიქცია, კერძოდ ჯეიკ პოლის მარჯვენა ხელის მოძრაობამ მანამ, სანამ ვუდლის მიმართულებით გადამწყვეტ ოვერჰენდს გაუშვებდა. ჯეიკი მართლაც ატრიალებს ორჯერ მარჯვენა მაჯას, რის შემდეგაც ხელებაწეული ვუდლი მარცხენა ხელს წევს და ჯეიკის მძიმე დარტყმასაც იღებს. საპირისპირო აზრის მქონე გულშემატკივრები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ სატყუარა იყო, რომლზეც ვუდლი წამოეგო და დარტყმაც გაატარა.