ასტონ ვილას მწვრთნელმა უნაი ემერმა არსენალთან 2:4 წაგების მერე ემილიანო მარტინესის მოქმედებაზეც ისაუბრა. როცა 2:3 იყო, ბოლო წუთზე ასტონ ვილას არგენტინელი მეკარე კუთხურზე ჩავიდა მეტოქის კართან, მაგრამ იქ ხეირი ვერაფერი ნახა, კონტრშეტევაზე კი არსენალის მარტინელიმ ცარიელ კარში გაიტანა…
მანამდე, 2:2-ზე არსენალის გოლი ასე გავიდა: ჟორჟინიომ დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, მერე კი გადამხტარი მარტინესისგან რიკოშეტით შევარდა კარში. არგენტინელიც ისე გაბრაზდა, რომ იქით გასატანად წავიდა.
ემერი: „გაბრაზებული ვარ, მაგრამ მესმის, რომ დრო გვჭირდება. მარტინესის ეპიზოდს რაც შეეხება, მისთვის კუთხურზე ჩასვლა არ მითხოვია. შესაძლოა მე არ ვიცი სტატისტიკა, მაგრამ აქამდე ისე ვიცოდი, რომ მეკარეებს მეტოქის კუთხურისას 100 შემთხვევიდან 1 გოლი გააქვთ. ხოლო მეტოქეს ასეთ კონტრშეტევაზე 20-დან 10 გააქვს.
…ჩემი აზრით, ემი ჭკვიანურად არ მოიქცა. შესაძლოა წავაგოთ 2:3, მაგრამ 2:4? ეს ცუდია. მარტინესმა თავად გადაწყვიტა. რაც უნდა იყოს, მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან. მარტინესს უბრალოდ ვუთხარი, რომ მისი საქციელი არ მომეწონა“ (Eurosport)