UFC 264-ს დრამატული დასასრული ჰქონდა – კონორმა ფეხი კოჭში გადაიტეხა, ტრილოგიის გამარჯვებული დასტინი გახდა. როგორც ოქტაგონის ინტერვიუში დასტინმა თქვა, ფეხის მოტეხვა შემთხვევითობა არ იყო, მისი თქმით მან კონორს დარტყმა ფეხით დაუბლოკა, სწორედ ამ დროს იგრძნო რომ ირლანდიელს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. კონორმა იქვე აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და მართალიც აღმოჩნდა. კონორის მთავარმა მწვრთნელმა, ჯო კავანამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონორმა ფეხი იმ მომენტში მოიტეხა, როცა დასტინს ტანის არეში ურტყამდა, მაკგრეგორის წვივის ქვედა ნაწილი პორიეს იდაყვს მოხვდა და ძვლების ძლიერი შეჯახება მოტეხილობით დასრულდა. ამ მომენტის ამსახველი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, ამ მოსაზრებას ჯო როგანიც დაეთანხმა. შესაძლოა, კონორს ძვალი სხვა ეპზოდში გაებზარა, თუმცა მოტეხვა აშკარად აღნიშნულ მომენტში მოხდა – ვიდეოში კარგად ჩანს როგორ გამოიწია ამ დარტყმის შემდეგ წვივის ადგილას ძვალმა, ხოლო დადგმის შემდეგ კი გადატყდა.