რა ქნას მეტი ამ ქვეყანამ?!

ვისაც არხილოსკალო გაგონილი არ ჰქონდა, ახლა ხომ გაიგო? იქ, საქართველო მთავრდება. ჰოდა, მაგ არხილოსკალოში, მანქანაში რომ ჩაჯდე და საათში 80 კილომეტრით იარო, 6 საათში ფოთში ჩახვალ, ზღვასთან. საქართველო იქაც მთავრდება. აი, სულ ეს არის ჩვენი სამშობლო.
ოლიმპიადას კი, ცხადია უყურებთ. (ამასწინათ, საქმეში ჩახედულმა მეგობარმა მითხრა, რომ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე პარალელურად, სხვა არხზე გამავალ სერიალ „რამოს“, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იქ ქართველები არ გამოდიოდნენ). ოლიმპიადას კი ცხადია უყურებთ და ხედავთ, რას შვრებიან ჩვენი ბიჭები! ხედავთ და ამაყობთ!

ანკი, როგორ შეიძლება უყურო ლაშა ტალახაძეს და გული სიხარულით არ აგევსოს. ეს არის კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართულ ზღაპრებში დევები რეალური პერსონაჟები არიან. ოღონდ, ჩვენი დევი, ჩვენი ლაშა კეთილია და ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. შეხედეთ სახეზე. სახეზე აწერია ყველაფერი.
და გიჟმაჟი ლაშა ბექაური? სწორად უთხრა ტედი რინერმა, გიჟი ხარ შენო. ასეთია და სხვანაირი რომ ყოფილიყო ოლიმპიური ჩემპიონი ვერც გახდებოდა. რინერმა, ამიერიდან შენს მხარდამჭერად მიგულეო. შენს ბრძოლებს თვალს მივადევნებ, შენ კი მიდი, შეუბერეო. დიდმა ფრანგმა ეს მაშინ უთხრა, როდესაც შეიტყო, რომ არხილოსკალოელ ბიჭს, რომელიც ლექსებსაც წერს, გულში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონობა აქვს ამოჭრილი.
ჰოდა, მიდი ლაშა! მიჰყევი შენს ოცნებას. არ მოდუნდე! ბოლომდე დაიხარჯე! ოცნებები ხდება.
ვიცი, ვინმე აუცილებლად იტყვის, ეს ბლოგი კი არა სადღეგრძელოაო. ბოდიში, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ დავწერ. ახლა სიხარულის და სიამაყის დროა.

ბედნიერი ვარ ქართველად რომ დავიბადე!
ვერცხლისმედალოსნები! განა ისინი ნაკლები ბიჭები არიან? ოლიმპიადის ფინალში იყვნენ. ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
„გევედიო“, რა გემრიელად თქვა იაკობ ქაჯაიამ ფინალისკენ რომ გაიკაფა გზა. ნუ, იქ თავს ზევით ძალა არ იყო და ღირსეული წაგებაც ვაჟკაცობაა.
ძიუდოისტებმა ხომ საერთოდ საოცრება ჩაიდინეს. სამი ვერცხლი აიღეს. ოთხი კაცი გავიდა ფინალში!
ეს ჩვენი უკრაინელი ანტონ პლესნოი? ცალი ფეხით მესამეზე გავიდა. ორივე ფეხზე რომ მდგარიყო ვერცხლს მაინც მოიგებდა. ტრავმას ეგ არ შეუშინდა, ტკივილს თავი არ დააჯაბნინა, საკუთარ თავს აჯობა. გმადლობ, ანტონ! Дякую! ჩვენი მწვრთნელების მომზადებულია. ჩვენი გიორგი ასანიძის მიყვანილია ოლიმპომდე.

თან, ამ სიტყვებს რომ ვწერ ოლიმპიადა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ჯერ კიდევ ველით ახალ წარმატებებს!
ჰოდა, რა ქნას მეტი ამ პატარა ქვეყანამ? ტერიტორიით, მცოცავ და პირდაპირ, თავხედურ ოკუპაციებს თუ არ ჩავთვლით, ასმეცხრამეტეა მსოფლიოში. მოსახლეობით ასოცდამეჩვიდმეტე. ოლიმპიური მედლებით კი…
რა ქნას მეტი ქვეყანამ, სადაც ბოლო ოცდაათი წელიწადია ხალხი სამსახურზე ხშირად მიტინგებზე დადის, რადგან სამსახურები არ არის, მიტინგები კი იცოცხლეთ, იმდენია.
დღევანდელი რესურსით, ოლიმპიადაზე მეტის მიღწევა მართლაც ძნელი წარმოსადგენია. იმას, გუნდურ სახეობებშიც რომ გავიდეთ და დიდ ქვეყნებს იქაც გავეჯიბროთ, უკვე სხვა ორგანიზაცია სჭირდება. ჯერჯერობით კი, ჩათვალეთ, რომ ქართულ სპორტს ღმერთი ხელმძღვანელობს და ამ შედეგს მისმა გამოყვანილმა გუნდმა მიაღწია!

Leave a comment

Your email address will not be published.