რა შემთხვევაში დავიხრჩობი

უცნაური ხალხი ვართ იტალიური ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები. მთელი გულით ვქომაგობთ სკუადრა აძურას, გეგონება მართლა ჩვენი ქვეყნის გუნდი იყოს. გვიყვარს და მორჩა. იმ დღეს, ნახევარფინალში, კიეზამ ესპანეთს რომ გაუტანა, ჩემს კორპუსებიან ეზოში, რომელიღაცა ბინიდან ისეთი სულმოუთქმელი ღრიალი გაისმა, რომ შემეშინდა, გონება არ დაეკარგა. არადა, კიეზამ მართლა ლამაზად გაიტანა. ღირდა ღრიალად. თან, როდესაც იტალიას ქომაგობ, ალბათ იტალიელივითაც უნდა იქცეოდე. ყოველ შემთხვევაში, ისე, იტალიურ კინოებში რომ გვინახავს. აი, ქერად შეღებილი გენიალური ნინო მანფრედი რომ იქცევა „პურსა და შოკოლადში“.

Bread and Chocolate - Alchetron, The Free Social Encyclopedia

თუმცა, ბოდიში. ნინო მანფრედი ვისღა ახსოვს. ახლა იტალიას მაფიოზური სერიალით, „გომორათი“ უფრო იცნობენ, იქ კი სხვა იტალიაა. გამხმოვანებლების ტექსტს მიღმა, მელოდიური იტალიური ენაც რაღაცნაირად, უხეშად ისმის.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ უცნაური ხალხი ვართ იტალიური ფეხბურთის ქართველი ქომაგები, ოღონდ ისიც უნდა ვაღიარო, რომ რაც ასაკში შევედი ემოცია ცოტა დამიბლაგვდა. ახლა უფრო შემფასებლის თვალით ვუყურებ, სიმპათიას გამოვხატავ. ისე, ჩემს კორპუსებიან ეზოში რომ დაიღრიალა ვიღაცამ, ნამდვილად ვერ დავიღრიალებ. ალბათ, უცხო ქვეყანა დახრჩობად აღარ მიღირს.

მეორე მხრივ, ვაღიარებ, რომ ჩემზე ბევრად უფროსები მინახავს, „თავიანთ“ გუნდებს ბავშვური მღელვარებით რომ უჭერენ მხარს და ჭინჭყლობენ, ჭინჭყლობენ… მაგრამ, ბავშვად დარჩენასაც ხომ თავისი ხიბლი აქვს.

13 Paolo maldini ideas | paolo maldini, paolo, ac milan

იცით, რომელ თამაშზე ვარ ნამყოფი?  ევრო 2000-ის ნახევარფინალზე, ამსტერდამში იტალია და ჰოლანდია რომ შეხვდნენ ერთმანეთს. აი, ბევრი პენალტი რომ ააცილეს ფეხბურთელებმა. ჯერ მარტო თამაშის დროს ფრანკ დე ბურმა და კლუივერტმა ვერ გაიტანეს, ბოლოს პენალტების სერიაში კი იმავე დე ბურმა, სტამმა, ბოსველტმა და იტალიელებისგან მალდინიმ გააფუჭეს თავიანთი დარტყმები. მაგარი ფეხბურთი იყო, 34-ე წუთზე ძამბროტა გააგდეს და იტალია უმცირესობაში იყო.

მახსოვს, როგორ ვღელავდი. თან, ტრიბუნიდან ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. რამდენიმე აძურასფერი სექტორის გარდა ყველა ტრიბუნა ნარინჯისფერი იყო. ატმოსფეროც დიდებული იყო და იქ, დაბლა, წარმოდგენაც.

იტალიელების გამო სხვა დროსაც ბევრჯერ მიღელვია. ერთხელ კი, ვიღაც იტალიელს რომ ვახარე, მე შენი ქვეყნის ნაკრებს ვქომაგობ მეთქი, ისე შემომხედა… უფრო სწორედ ისე ამხედ-დამხედა, გეგონება მოწყალებას ვთხოვდი და მიპასუხა, კარგი მაშინ მე საქართველოს ქომაგი ვიქნებიო. შემიბრალა.

დავანებოთ იმ კაცს თავი. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ გულიანი ხალხი ვართ იტალიური ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები. ძველ სიმღერაში რომ არის, მე თუ ვინმე შევიყვარე სიკვდილამდე მეყვარებაო, მგონი ისეა ჩვენი საქმე.

The Case For Catenaccio | Forza Italian Football

ზემოთ რომ ამსტერდამი და იტალია-ჰოლანდია ვახსენე, იმ თამაშზე, ჩემს შორიახლოს, იტალიელ ტიფოზებს დიდი ბანერი ჰქონდათ გაშლილი წარწერით: solo catenaccio, რაც ნიშნავს „მხოლოდ კატენაჩო“. და მეც ასე ვიცოდი, რომ იტალიური ფეხბურთი იყო კატენაჩო: მაღალი ხარისხის დაცვა სწრაფი კონტრშეტევით (ღმერთმა აცხონოს პაოლო როსი). თან, 1996 წელს, პერუჯაშიც გახლდით იტალიისა და საქართველოს თამაშზე და ჩემი თვალით ვნახე რა ამბავი დააწიეს ტრიბუნებიდან ლეგენდარულ არიგო საკის, ჩვენს გუნდს შემტევ ფეხბურთს რატომ ათამაშებო. საბრალო, მეორე ტაიმში გასახდელიდან რომ გამოვიდა, რაღაც საგნები დააყარეს. არადა, საკი ის კაცი იყო, ვინც 1980-იანი წლების ბოლოს მილანს შეტევა ათამაშა (ვან ბასტენი, გულიტი, რაიკარდი) და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთი ულამაზესი გუნდი აჩუქა.

მაშინ, საქართველოსთან თამაშიდან ცოტა ხანში საკი მოხსნეს. და აი, ახლა, ევრო 2020-ზე ვხედავ, რომ სკუადრა აძურა რობერტო მანჩინის ხელში ისევ უტევს. ყოველ შემთხვევაში, კატენაჩოს ნამდვილად არ თამაშობს. და გონებაში მკრეხელურმა აზრმა გამკრა: კი მაგრამ, ჩვენ, ქართველი იტალისტები ხომ ვამბობდით, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთი გვიყვარს, ამ ქვეყნის ფეხბურთი კი ისტორიულად არის კატენაჩო. მაშ, ეხლა რაღას ვქომაგობთ? შემტევი გუნდის ქომაგობა თუ გვინდოდა, სხვა აგვერჩია. ბოლოს და ბოლოს ეს იტალია ჩვენი სამშობლო ხომ არ არის, ვინ გვაძალებს ყველა ვარიანტში მის ერთგულად დავრჩეთ.

მაგრამ, ეს ფიქრი მალევე განვდევნე. იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ, აპენინებიდან 2600 კილომეტრის გადაღმა შეგვიყვარდა, ალბათ იმდენად კატენაჩო არ იყო, რამდენადაც რაღაც სხვა: იერი, პლასტიკა, ორგანიზებულობა, დამახასიათებელი ტექნიკა, ჟესტიკულაცია, ფორმა, ჩაცმის სტილი, კინო, სოფი ლორენი, მარჩელო მასტროიანი, გულშემატკივართა ვნება, შეშლილი გამომეტყველება გოლის ზეიმისას, დონ კორლეონე, სამხრეთელობა და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა რამ.

What it means to win sport's biggest prize, football's World Cup | Carolyn  Hitt - Carolyn Hitt - Wales Online

აი, ამიტომაც ვართ იტალიის ნაკრების ქართველი ქომაგები უცნაური ხალხი, თუმცა მე იმ ასაკში აღარ ვარ, ჩემი მეზობელივით სულმოუთქმლად რომ ვიღრიალო. გაიტანოს საქართველომ და კი ბატონო, დავიხრჩობი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *