ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში შეხვდა 2021/22 წლების საკალათბურთო სეზონს მადრიდის „რეალი“. პაბლო ლასოს გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ხოლო ACB League-ს სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში „რეალი“ საკუთარ „ვიზინიკ სენთერში“ მასპინძლობდა გალისიურ ‘მონბუს ობრადოირო“ და მატჩის მოგების უდავო ფავორიტადაც ითვლებოდა.
საწყისმა წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა პირველი მეოთხედის მეორე ნახევრიდან მასპინძლებმა 3 წამიან ზონაში ხელთ იგდეს უპირატესობა და მალე ანგარიშში წინ გაიქცნენ. ვინსენ პორიეს და ვოლტერ ტავარეშის დომინანტური ასპარეზობის ფონზე „რეალი“ 36:25 დაწინაურდა.
„ობრადოიროს“ რიგებში გამორჩეული გახლდათ ჰენრი ელენსონი(20 ქულა+7 მოხსნა), რომელმაც როგორც პერიმეტრიდან, ასევე საშუალო დისტანციებიდან აიკლო მეტოქის დაცვა და მადრიდელთა დიდმა უპირატესობამ „ლღობა“ დაიწყო.
ლასომ 5 წუთში ორი ტაიმაუტიც აიღო, თუმცა ამით „რეალს“ მაინც არ ეშველა. სტუმრებმა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ სამქულიანი უპირატესობა მოიპოვეს 51:48.
პაერიოდის დასრულებამდე 3 წამი რჩებოდა, როდესაც მადრიდელთა ლიდერმა – სერხიო ლულმა გადმოიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე და ურთულესი მდგომარეობიდან მაინც ზუსტი სროლა შეასრულა 51:51.
მეოთხე მეოთხედის სტარტზე „რეალმა“ დროულად შეძლო მობილიზება და ლიდერობაც დაიბრუნა – 4 წუთიანი პერიოდის განმავლობაში ბრწყინვალედ ითამაშა რუდი ფერნანდესმა, რომელმაც ჯერ პერიმეტრიდან ჩააგდო, ხოლო შემდეგ ეპიზოდში იდეალური პასი მიაწოდა თანაგუნდელს.
გაისწორა მიზანი მადრიდელთა ახალწვეულმა ნაიჯელ ვილიამს გოსმა, რომელმაც ზედიზედ 2 სამქულიანი უთავაზა „ობრადოიროს“ და შეხვედრაში ინტრიგაც დაიკარგა.
„რეალმა“ 78:68 იმარჯვა და ესპანეთის ACB ლიგას სათავეში ჩაუდგა, სამიდან სამი გამარჯვებით.