დასრულდა ესპანეთის ACB ლიგას 2021-22 წლების სეზონი. პლეიოფის ფინალურ სერიაში რეალმა 3:1 მოუგო სერია მოსისხლე მტერ ბარსელონას და 36-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მე-4 მატჩის სტარტი რეალის კალათბურთელებს იდეალური გამოუვიდათ – ფაბიან კოსიეს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ. ბარსელონამ მოგვიანებით მოახერხა გამოფხიზლება და დაცვაზე ორიენტირებული მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით წააგო 10:13.
ნიკოლა მიროტიჩის ზუსტი სროლების და ნიკ კალატესის იდეალური გადაცემების ფონზე ბარსამ მეორე პერიოდში ჩამოადნო მეტოქის უპირატესობა და სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა მადრიდელებს. სწორედ აქ გაიბრწყინა შეცვლაზე შემოსულმა სერხიო ლულმა – მასპინძელთა “ფანტაზისტამ” რამდენიმე არაჩვეულებრივი ბურთი ჩააგდო და ტაიმი საკუთარ გუნდს მოაგებინა 34:33.
მატჩის მეორე ნახევარშიც თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა – რეალი ანგარიშში მუდმივად წინ იყო, თუმცა ბარსელონა მასპინძლებს “ახლო დისტანციაზე” მიყვებოდა და გასაქანს არ აძლევდა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი ძირითადი დროის დასრულებამდე 73 წამით ადრე დადგა, როდესაც კოსიემ პერიმეტრიდან ისევ წარმატებით გაისროლა და საკუთარ გუნდს 9 ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა 79:70.
დარჩენილ მცირე დროში ბარსამ ბევრი იწვალა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო 74:81.
რეალმა შეწყვიტა 3 წლიანი წარუმატებელი სერია და 2019 წლის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული (2020 წელს ბასკონია, 2021 წელს ბარსა).
რეალი არსებობის ისტორიაშ 36-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მის უახლოეს მდევარ ბარსელონას მხოლოდ 18 ტიტული აქვს.
რეალის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ლასომ გუნდს უკვე მეექვსედ მოაგებინა ქვეყნის ჩემპიონობა.
სიმბოლური იყო, რომ ინსულტ გადატანილმა პაბლო ლასომ სწორედ საჩემპიონო მატჩში მოახერხა დაბრუნება და თასიც პირველმა მან ასწია.
რეალი – ბარსელონა 81-74 (13:10, 21:23, 23:23, 24:18)
რეალი: ტავარეში (25+13 მოხსნა), კოსიე (17), ჰანგა (7+8 მოხსნა), დეკი (7), იაბუსელე (4); ლული (9), პორიე (7), ფერნანდესი (5), ტეილორი;
ბარსელონა: მიროტიჩი (14), კალატესი (12+9 პასი), კურიჩი (8), ჰიგინსი (4), დევისი (4); ეკზამი (13), სმიტსი (9), იოკუბაიტისი (5), შანლი (3), ლაპროვიტოლა (2), აბრინესი, მარტინესი.
სერია 3:1 მოიგო რეალმა.