გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ ბარსელონა, რეალი და იუვენტუსი დარჩნენ.
თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს აღარ აკმაყოფილებს. იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მათი რეფორმირების მომხრეა…
„სისტემა ვეღარ მუშაობს და ევროტურნირებს კლუბებისთვის საკმარისი შემოსავალი აღარ შემოაქვს. უკვე გაუმართლებელი გახდა ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში მონაწილეობის მიღება. საჭიროა, ახალი ტურნირი, სადაც მეტი ფულის დახარჯვა იქნება საჭირო. უნდა დაილაპარაკონ კლუბებმა ერთმანეთთან და მოიგონონ ახალი, ყველასათვის უფრო თანამედროვე და მომგებიანი ტურნირი.
საჭიროა დემოკრატიული სისტემით ევროპული ლიგის შექმნა. ეს დაფუძნებული უნდა იყოს შიდა შეჯიბრებებზე გუნდების მიღწევებით. პროექტი შევისწავლე და მზად ვარ 10 მილიარდი ევრო შევიტანო. ჩვენ მზადყოფნა და სრული დამოუკიდებლობა გვჭირდება. თუ თამაშის წესებს არ შევცვლით და სანახაობას უკეთესს არ გავხდით, ახალგაზრდები ზურგს გვაქცევენ და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი აღარ იქნება. ჩემი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ 8-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები აღარ უყურებენ ფეხბურთს და სმარტფონებით თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, რომელმაც სრულად შეცვალა ჩვენი ბავშვები.
არ ვამბობ, რომ ფეხბურთის სტადიონზე ყურების ჩვეულება გაქრება, მაგრამ ახლა მხოლოდ „ვირტუალური სტადიონი“ გვაქვს, რომელსაც მილიარდობით ადამიანის მიზიდვა შეუძლია, რათა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ. ვინ იცის, შევძლებთ კი მათ მსოფლიოს ყველაზე დიად და გავლენიან სპორტში დაბრუნებას“? – თქვა ნაპოლის კინოპროდიუსერმა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა. იტალიელი ფულის ტომარა ახლა სხვა თანამოაზრეებს ეძებს. სადღეისოდ კი მის იდეებს იუვეტუსის, ბარსას და რეალის შეფები იზიარებენ.