ფეხბურთი რომ სულ უფრო იძირება ფულის ჭაობში, დიდი ხანია ვიცით. საერთაშორისო ასოციაციებმა და ორგანიზაციებმა უკვე აღარ იციან რა მოიფიქრონ კიდევ უფრო გასამდიდრებლად. ყბადაღებული ევროპის სუპერლიგის პროექტი შეჩერდა. თუმცა, ჩანს, საბოლოოდ არ გაუქმებულა.
ბოლო კვირების განმავლობაში კი ძალიან აქტუალური მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეა გახდა, რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
პირველად ამ პროექტის შესახებ წლეულს მაისში, ფიფას კონგრესზე ისაუბრეს. იდეა საუდის არაბეთის წარმომადგენელმა გააჟღერა. მის შეთავაზებას 166 ფედერაცია დაეთანხმა.
არსენალის ყოფილი თავკაცი, ამჟამად კი ფიფას დირექტორი ფეხბურთის გლობალური განვითარების საკითხებში, არსენ ვენგერი ამბობს, რომ ადამიანებს გასაგები ტურნირები სჭირდებათ, მაღალი დონის შეჯიბრებები.
„წარმოიდგინეთ 2026 წლის მუნდიალი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში. 2027-ში ევროპის ჩემპიონატი და სხვა კონტინენტური ტურნირები. 2028-ში ისევ მსოფლიო ჩემპიონატი და ასე შემდეგ. მეტი მატჩები გავარდნებით და ნაკლები შესარჩევები. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც გულშემატკივრებს სურთ“, – ამბობს ვენგერი.
მოკლედ, ფეხბურთში მორიგი რევოლუცია მზადდება. ფიფამ უკვე დაუგზავნა ეროვნულ ფედერაციებს დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებების შესახებ წერია. ეს ცვლილებები კი 2026 წლის მუნდიალის შემდეგაა დაგეგმილი.
ფიფას მესვეურთა მტკიცებით, ახალი ფორმატი ფეხბურთელების დატვირთვებს შეამცირებს. ნაკლები იქნება შესარჩევი და ამხანაგური მატჩები.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ორიოდ დღის წინათ თქვა: „მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა ჩინებულია. ის ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებაა და სიხშირე ფეხბურთელებს მეტ იმედს და შესაძლებლობებს, მსოფლიოს კი მეტი სენსაციების ხილვის შანსს მისცემს. როცა ტურნირის ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ 40 მონაწილე იყო, ახლა კი – 211 არის.
საუბარია, ვთქვათ, ტურნირის ერთდროულად ხუთ ქვეყანაში გამართვაზე. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში, 20 წელიწადში მუნდიალს შეიძლება 100-მდე ქვეყანამ უმასპინძლოს“, – დასძენს იტალიელი ჩინოვნიკი.
თუმცა იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, უეფას პრეზიდენტი, ალეკსანდერ ჩეფერინი ფიფას ევროპული გუნდების ბოიკოტით დაემუქრა. მისი აზრით, ახალი ფორმატი ტურნირის პრესტიჟულობას დასცემს და მოთამაშეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამავე აზრისაა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (კონმებოლი).
ადიდასის აღმასრულებელი დირექტორი, კასპერ რიორსტედი: „არ მგონია მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება კარგი იდეა იყოს. სხვა ტურნირებიც ხომ არსებობს: ევრო, კოპა ამერიკა. განსხვავებული სახეობებისთვისაც ხომ უნდა დარჩეს სივრცე.
ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხბურთიც მოსაწყენი გახდება. მიმაჩნია, რომ ტელევიზორში ბიატლონიც უნდა იყოს, თხილამურობაც, ხელბურთიც, ჩოგბურთიც და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთი სახეობის ხელოვნურად გაბევრება სპორტს კარგს არაფერს მოუტანს“, – ამბობს რიორსტედი.