როგორ გავფლანგოთ 500 მილიონი? – გაკვეთილი ჰერტასგან…

უკვე მესამე წელია, ჰერტამ ასეულობით მილიონი დოლარი ქარს გაატანა, მხოლოდ ტრანსფერებში 170 მილიონი ევრო დაიხარჯა (წინ მხოლოდ ბაიერნი, დორტმუნდი, ლაიფციგი და ბაიერი არიან). ვლაპარაკობთ გუნდზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ამბიცია უნდა ჰქონდეს.

შედეგი? – გუნდი პირველ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

ეს სევდიანი ამბავია, როდესაც რუხ თაგვს (ეს ბერლინში კლუბის ისტორიული ასოციაციაა) მსოფლიო  ბრენდობის ამბიცია გაუჩნდა. დღეს, ამის გამო, მთელი საფეხბურთო გერმანია დასცინის…

დავიწყოთ 2019 წლის ივნისიდან, როდესაც კლუბის 37.5%, 125 მილიონ ევროდ, Tennor Holding BV-მ შეიძინა.

ეს ერთერთი უდიდესი ინვესტიცია იყო, რომელიც ბუნდესლიგაში აქამდე მომხდარა. მხოლოდ ბაიერნია, რომელშიც მეტი ინვესტიცია ჩადეს – აუდისგან (90 მილიონი – კლუბის 8.33%-ში) და ალიანცისგან (110 მილიონი – 8.33%-ში).

2019 წლის ნოემბერში, Tennor Holding-მა კიდევ 99 მილიონი ევრო გადაიხადა, რომ მათი პაკეტი 49.9%-დე გაზრდილიყო. გერმანული კანონმდებლობით, კერძო ინვესტორს მეტის შეძენის უფლება არ აქვს.

შეთანხმებამდე, ეს კომპნია სოლიდურად გამოიყურებოდა და თითქოს იმ კატეგორიას არ გენეკუთვნებოდა, სპონტანურად კლუბის ყიდვა რომ გადაწყვიტა. კომპანიის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ლარს ვინდჰორსტმა სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვა.

შემდეგ მისი წარსული კარგად შეისწავლეს. 14 წლის ასაკში, 1990 წელს, ოჯახის ფარეხში კომპიუტერების საწყობი გახსნა, სადაც PC-ის აწყობდა. თანაკლასელები დაიხმარა და ჩინური ნაწილებით მუშაობას შეუდგა. მშობლების დახმარებით, აზიაში 14. 000 გერმანული რადენის ინვესტიცია მოახდინა.

16 წლის ვინდჰორსტს გერმანიაში უკვე ყველა იცნობდა. მას ლოკალურ ბილ გეიტსს ეძახდნენ, კანცლერმა ჰელმუტ კოლმა ის აზიაში გასამგზავრებელ სამთავრობო დელეგაციაში მიიწვია. 17 წლისამ, კომპიუეტერული კომპანიებისგან სოლიდური კონტრაქტები მიიღო და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.

1993 წელს, მისმა „ვინდჰორსთ ელექტრონიქსმა“ მუშაობა 80 თანამშრომლითა და 90 მილიონი ევროს ბრუნვით დაიწყო. 18 წლისამ, აზიაში ფილიალი გახსნა, 20 წლისამ კომპიუტერული ბიზნესი გააფართოვა და ინვესტიციები: ელექტრონიკის, მრეწველობის, ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებში განახორციელა. ფილიალები ევროპაში, ჩინეთსა და ვიეტნამში გაჩნდა.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ მსოფლიო ბაზარზე მაღალტექნოლოგიური ფირმების ფასიან ქაღალდზე ნდობა გაქრა, ფასი დაეცა და, 2003 წელს, ვინდჰორსტის კომპანია პირველად გაკოტრდა.

„ვინდჰორტ ტექნოლოგის“ გაკოტრების შემდეგ, ბაზარზე მაშინვე ახალი კორპორაცია – „საპინდა“ გამოჩნდა. ესეც, რა თქმა უნდა, ლარსის იყო. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს კომპანიაც ბანკროტად გამოცხადდა და კიდევ ერთი „საპინდა“ დაარსდა, რომლმაც ძველი „საპინდა“ იშვილა. თქვენც დაიბენით, არა?! – სწორედ ამიტომ, ლარსის წინააღმდეგ საქმეები ორი მუხლით აღიძრა – თაღლითობა და მითვისება. ის ჯარიმებით, ზარალის ანაზღაურებითა და ერთ წლიანი პირობითით „გამოძვრა“.

ვინდჰორტის ცხოვრებაში ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, როდესაც, 2007 წელს, ის ავიაკატასტროფაში მოყვა. ბიზნესმენის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ის ალმათიში, ყაზახეთში, საწვავის შესავსებად დაეშვა. ერთი პილოტი გარდაიცვალა, მეორე პილოტმა კი, ლარსის მსგავსად, მრავალჯერად ტრავმებთან ერთად, მკერდისა და თავის არეში დამწვრობა მიიღო. ამ ავიაკატასტროფიდან, ლარსს ყურზე მოწყვეტილი ბიბილო დღესაც ეტყობა.

ბერლინის კლინიკაში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ, ის საქმეს დაუბრუნდა, ბევრ სკანდალში გაეხვა და კიდევ ერთ გაკოტრებას სასწაულებრივად გადაურჩა.

შვეიცარიული ბიზნეს გამოცემის, Bilanz-ის ინფორმაციით, 2021 წელს, ვინდჰორსტს 365 მილიონი ევრო ჰქონდა. The Financial Times-თან ინტერვიუში, ლარსის პარტნიორმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, მისი ოცნება გაამხილა: „მისი მთავარი მიზანი მილიარდი დოლარის შოვნაა. ახლა ისე ცხოვრობს, თითქოს ეს მილიარდი უკვე აქვს“

მთავარი კითხვა ჩვენთვის მაინც ჰერტაა. ლარსის პასუხი ასეთია: „ფეხბურთი უსაზღვროდ მიყვარს და ინვესტიციას სარგებლის მიღების გამო არ ვახორციელებ“. წარმატებული ინვესტიციის შემთხვევაშიც, ბიზნესმენი გერმანული კლუბიდან თანხას ვერ იღებს, ის ტრანსფერებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება.

აქ სხვა ამბავია: ვინდჰორსტმა კლუბი მისი ბიზნეს რეპუტაციის გასაუმჯობესებლად იყიდა. კიოლნის სპორტის უნივერსიტეტის ეკონომისტი, კრისტოფ ბროიერი ESPN-თან ამბობს: „ევროპულ ფეხბურთში ბიზნესმენი ინვესტიციაში სოციალურ მიმღებლობას ხედავს და არა ფინანსურ მოგებას. ინვესტორები ფეხბურთში რეპუტაციის გაუმჯობესებისთვისა და სანაცნობო წრის გაზრდისთვის მიდიან. ისინი ფულს არ გამოიმუშავებენ, მაგრამ საზოგადოებრივ იმიჯს ქმნიან“

ლარსის საქციელიც სწორედ ამაზე მიგვანიშნებს – კლუბის შესყიდვამდე ცოტა ხნით ადრე, საინვესტიციო ჯგუფს სახელი გადაარქვა და „საპინდა“ ახლა უკვე – „ტენორია“.

სავარაუდოდ, ვინდჰორსტმა ბუნდესლიგა სათანადოდ არ შეაფასა – ფაქტია, ფულის ერთიანად დაბანდებით მან წარმატებას ვერ მიაღწია. საერთოდაც, ტრადიციონალისტურ გერმანიას ინვესტორები არ უყვარს და ჰერტმას თავგადაკლული გულშემატკივრების გარდა, ვინდჰორსტი გულზე არავის ეხატება.

იდეის ჩავარდნის შემდეგ, ის ქვეყანაში კომიკურ პერსონად იქცა.

Big City Club – ინგლისურად ბევრად ეპიკურად ჟღერს, ვიდრე ქართულად.

ვინდჰორსტის იდეა ნათელია: „გვინდა რომ ჰერტა დიდ კლუბად ვაქციოთ, ისე, როგორც ლონდონში, პარიზსა და მადრიდშია. ეს ყველაფერი ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მოდი ეს ტერმინი გავიაროთ. ჩვენ ადგილი გვჭირდება, სადაც მოთამაშეები კომფორტულად და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრებენ, გარშემო კი მილიონობით ფანი ეყოლებათ. ბერლინი ამისთვის შესანიშნავი ადგილია“

რა თქმა უნდა, ფეხბურთის გულანთებულ გულშემატკივარს გაუკვირდა: ბერლინში დიდი გუნდი რატომ არასდროს ყოფილა? ლონდონში ბევრი ძლიერი გუნდია, მადრიდშიც ასეა, რომში დიდებული დერბია, პსჟ კი საფრანგეთის ფლაგმანია.

ბერლინში მეორე გუნდი უნიონია, რომლის ფანებიც სიცილს ვერ იკავებენ, თუ გუნდის ნაცვლად სიტყვა ბრენდს გამოიყენებ. რა თქმა უნდა, გლობალიზაციისკენ მიდრეკილებით უნიონს მეზობელთან საერთო არაფერი აქვს. ის გამონაკლისი არ არის, გერმანიაში, ძირითადად, სამყაროს ასე აღიქვამენ – კლუბის სიდიადეს ტრადიციები წყვეტს და არა მდებარეობა. ეს ამერიკა არ არის და მარკეტი არ მუშაობს. ამიტომ არ უყვართ დიტმარ ჰოფი და მისი ჰოფენჰაიმი. აქ ცოტა სხვა ისტორიაა, ზანჰაიმში სულ 30,000 ადამიანი ცხოვრობს, ჰოფი ახალგაზრდობაში ამ ქალაქის კლუბში თამაშობდა, როცა მილიარდერი გახდა, ეს სიყვარული არ დაივიწყა და კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო.

ჰერტა გადარჩენისთვის რაც მეტ ხანს იბრძვის, ფანებისთვის Big City Club-ის იდეა უფრო სასაცილო ხდება. ინტერვიუში ვინდჰორსტი ამბობს: „ასეთი გამოწვევები სავსეა მოულოდნელობებით. ისევ მჯერა, რომ ბერლინი გერმანიის მეტროპოლისია, დიდი ევროპული ქალაქი და ჰერტა ამ ქალაქის ამბიციას შეესაბამება“

სპორტული დირექტორი, ფრედი ბობიჩი ამ იდეას დიდი ხნის წინ გაემიჯნა: „პირადად, „დიდი ქალაქის გუნდის“ იდეაზე არასდროს მილაპარაკია. ეს ჩვენი ოფიციალური სლოგანი არ არის, გარედან მოიტანს და მედიამ აიტაცა“

მიმები ისევ ხმაურობენ.

ვინდჰორსტს რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა: დაცინვის საპასუხოდ ტვიტერი შექმნა, სადაც ფანების გაერთიანება უნდოდა, საინტერესოდ დაიწყო და მოსაწყენად გააგრძელა. ასევე, ჰერტაზე ფილმი გადაიღო, რომელიც 1 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ისეთი ცუდი გამოვიდა, მონტაჟში ფული არ გადაიხადა და ეს პროექტი ჩავარდა.

ამ წვალებაში ვინდჰორსტი მარტო არაა. ის სოლიდურ ინვესტიციებს დებს, რომლითაც როგორც თავად, ასევე კლუბი ეწამება. კლუბი მწვრთნელებს ერთმანეთის მიყოლებით იცვლის, ფეხბურთელებს ყიდულობს და ისევ გასავარდნ ზონასთანაა.

·         2019 წლის ნოემბერში, კლინსმანმა ჰერტმა მე-15 ადგილზე ჩაიბარა. ამის შემდეგ ორი რამ მოხდა: პირველი, კლინსმანმა ანტე ჩოვიჩი შეცვალა, რომელიც ჰერტას მეორე გუნდს სათავეში 6 წელი ედგა, კლუბში კი 20 წლიანი სტაჟი ჰქონდა. მეორე, იურგენი ბერლინელებს სათავეში 76 დღე ედგა, მათი გზები კი ფეისბუქის საშუალებით გაიყო. უფრო მეტად საკვირველი ისაა, რომ კლინსის ჰერტას სპორტულ მენეჯმენტში დარჩენა უნდოდა. ვინდჰორსტს – არა.

·         შემდეგ მწვრთნელად ბრუნა ლაბადია დაინიშნა, რომლის ტალანტიც გადარჩენისთვის ბრძოლაა. ასეთ კაცს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში, 77 მილიონი ევრო გამოუყვეს: 25-ად, ლიონიდან მცველი ტუზარი იყიდა, 24-ად – პიონტეკი; 18 კუნიაში გადაიხადა, 10 კი – ასკასიბარში. მხოლოდ კუნიაა, რომელიც გაიყიდა და გუნდს ცოტა მოგებაც დარჩა – ატლეტიკოში, 21 მილიონ ევროდ. იმ სეზონში, ჰერტამ ბუნდესლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა.

·         2020/21 წლების სეზონი უარესი გამოდგა – მე-14 ადგილი და გასავარდნი ზონისკენ სრული სვლა. ლაბადია და სპორტული დირექტორი პრიტცი გაათავისუფლეს, ხოლო გუნდში ლეგენდარული პალ დარდაი დააბრუნეს, რომელიც ჰერტაში ფეხბურთელიც იყო (1997-2011) და მწვრთნელიც (2015-19). მან გუნდი ელიტაში დატოვა, ფეხბურთელები ნებისყოფის არ ქონის გამო სასტიკად გალანძღა, შვილი მარტონი კი ბაზაზე აღზარდა. ეს პირდაპირი ნეპოტიზმი არ იყო, რადგან მარტონი ნორმალურად თამაშობდა, თუმცა კრიტიკაც არ აკლდა.

·         2021 წლის 29 ნოემბერს, დარდაი ტაიფუნ კორკუტმა შეცვალა, რომელსაც ერთ კლუბში მთელი სეზონი არასდროს ემუშავა. ეს ფრედი ბობიჩის პირველი ნაბიჯი იყო, რაც გუნდის სპორტული დირექტორი გახდა.

ბობიჩი საკამათო პიროვნებაა. მან აინტრახტში საკმაო წარმატებას მიაღწია, თუმცა მის რეზიუმეში ჩავარდნებსაც შევხვდებით. ფრედის ასე ახასიათებენ: სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს, იმ იმედით, რომ თავს ბევრ კარგ ფეხბურთელს მოუყრის და გუნდიც აშენდება. ჰერტაც განახლდა, ცენტრში ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს (სერდარი, რიხტერი, მაოლიდი, ეკლენკამპი) და თავისუფალი აგენტები – ორი ვეტერანი, სტეფან იოვეტიჩი და კევინ-პრინც ბოატენგი აიყვანეს.

„მენტალიტეტი ხარისხზე მნიშვნელოვანია,“ – თქვა ბობიჩმა. ბოატენგმა ვერც გაიტანა, ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა, აი იოვეტიჩი კი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია – 6 გოლით…. ორივე, რა თქმა უნდა, ბევრს ტრავმიანობს.

კორკუტი ჰერტაში დღეს არ მუშაობს. 2022 წლის 14 მარტს, გუნდი მე-17 ადგილზე იყო და მწვრთნელად დესპოტი ფელიქს მაგათი დაინიშნა. რა უნდა ქნას ამ კაცმა, რომელსაც მოსამზადებელი ეტაპი გუნდთან ერთად არ გაუვლია? რა თქმა უნდა, მხარეები უკვე შემდეგ სეზონზე ფიქრობენ, რომელიც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში ექნებათ. იქ ჰერტა როგორი იქნება? – კარგი ფიზიკური მომზადება ექნებათ, ეს მაგათის ხელწერაა.

ბობიჩს რაც საამაყო აქვს, ეს აკადემიაა. ბერლინი მეგაპოლისია, აქ გამოჩენილი ტალანტები კი სხვა გუნდებს მიჰყავდათ. მან აკადემიის რეკონსტრუქცია მოახდინა, გუნდში ახალი კადრები მიიყვანა და სავარჯიშო მეთოდოლოგიაც შეცვალა.

გერმანიაში 3 ტური დარჩა, ჰერტა მე-15 ადგილზეა, რელეგაციის ზონას 4 ქულით უსწრებს.

***

2022 წლის თებერვალში, ვინდჰორსტმა Capital-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჰერტაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა: „გულწრფელი რომ ვიყო, შეცდომები დავუშვით. ამ პერიოდში მხოლოდ პრობლემები და მარცხი ვნახე. ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ კლუბში ბევრ პროფესიონალს შევხვდი. უნდა ვთქვა, რომ აქ ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრობლემაც იყო“

ვინდჰორსტი არ ნებდება და კლუბში ინვესტიციის ჩადებას კიდევ აპირებს. პრობლემების არ მეშინია და წარმატებისკენ გზა სწორედ ეკლებზე გადისო.

და აქამდე რამდენი ფული დახარჯა? ფრედი ბობიჩი ამაზე საუბრობს: „ვინდჰორსტმა 500 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. სამწუხაროდ, ამ ფულიდან აღარაფერი დაგვრჩა“

Leave a comment

Your email address will not be published.