როგორ დაჩრდილა ომი ბურთმა

პოლიტიკა, პოლიტიკა, პოლიტიკა. დიდი ბიზნესი, უზარმაზარი, უშველებელი. წაიღეს რა ტვინი. ის სულ ტყუილია ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო. აქვს და მერე როგორი. ანკი როდის არ ჰქონია. ეს ფეხბურთელებს და მწვრთნელებს რომ უნდათ კითხვაზე პასუხს თავი აარიდონ, მაშინ ამბობენ ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, ბურთს ვაგორებთ და პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვსო, თორემ სად გაგონილა კაცი ფერარიში იჯდეს, ბურჟუა იყოს და პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონდეს. კოჭს მაინც არ უგორებდეს ძლიერთ ამა ქვეყნისა. ერთი მარადონა იყო გიჟმაჟი და მისგანაც ვერ გამოვიდა ბურჟუა.

Thousands of empty seats in opening games at Qatar 2022

არც ის მითხრას ვინმემ, რომ დიდი პოლიტიკა და ბიზნესი არ იკვეთება. თუ გახსოვთ, 2010-ში უპრეცედენტო რაღაც გააკეთეს, ერთბაშად ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი დაასახელეს. დარბაზში ავადსახსენებელი პუტინი იჯდა. გამოჩნდა თუ არა კადრში, იმ წუთას მივხვდი, რომ 2018 წლის მუნდიალს რუსეთი წაიღებდა და ეს ამბავი ყველამ წინასწარ იცოდა. დაიწყეს იქ თვალთმაქცობა, კონვერტების გახსნა და ამოოხვრები. ნაღდი რომ არ სცოდნოდა ორი წლით ადრე საქართველოს დამპყრობი რუსეთის იმპერატორი იქ ჩამსვლელი იყო? ზრდილობისთვის გაუშვებდა რომელიმე „კოლმეურნეობის თავმჯდომარეს“ და მორჩა. ან არავისაც არ გაუშვებდა. ზრდილობა არა, ის. მაგრამ, რუსეთს კიდევ რა უჭირს, ყატარი იყო ნამდვილი შოკი. სად ფეხბურთი და სად ყატარი. სად ყატარი და სად მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯერ მარტო იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ ნოემბერში მუნდიალი „ჰარამია“. მერე იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ აგერ, დაიწყო თამაშები და სიგიჟე ხდება: დასწრებას იმაზე მეტს აცხადებენ, ვიდრე სტადიონები იტევს, კადრში კი ცარიელი ადგილები ჩანს. ეგ რა არის, ამბობენ ღარიბებს ფულს უხდიან თამაშებს რომ დაესწრონო. ადამიანის უფლებებზე აღარაფერს ვამბობ. რა დღეში ჰყავდათ გასტარბაიტერები. სუფთა საფეხბურთო ამბებზე ფართედ მსჯელობისგანაც თავს შევიკავებ — საკლუბო ჩემპიონატები რომ შეწყვიტეს (ეშმაკმა უწყის როგორ გაგრძელდება, განსაკუთრებით ნაპოლის ამბავი მადარდებს) და ყოველგვარი ამოსუნთქვის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადავიდნენ. კაცს სიდნი პოლაკის ფილმი გაგახსენდება – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პოლიტიკა და ფეხბურთი მჭიდრო კავშირშია. მარტო მსოფლიოს ჩემპიონატები რომ გავიხსენოთ, იმდენ პოლიტიკას ვიპოვით, თქვენი მოწონებული. აი, თუნდაც ერთი მაგალითი: 1986 წლის მეოთხედფინალი ისტორიაში დიეგო მარადონას ორი გოლით შევიდა — „ღმერთის ხელით“ და ღვთიური დრიბლინგით. დიახ, არგენტინისა და ინგლისის შეხვედრაზე (2:1) მოგახსენებთ, მაგრამ გახსოვთ ამ შეხვედრას წინ რა უძღოდა? რა და არგენტინისა და დიდი ბრიტანეთის ომი ფოლკლენდის, იგივე მალვინის კუნძულებისთვის. ომი, რომელშიც 255 ბრიტანელი და 650 არგენტინელი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ლეგენდარული ოსვალდო არდილესის ძმა. (რა ამბავი იყო მაშინ, არდილესმა ძმის დაღუპვის მიუხედავად ტოტენჰემ ჰოთსპურში რომ განაგრძო თამაში). ეს იყო ომითა და ზიზღით გაჟღენთილი შეხვედრა, რომელიც გენიოსი რომ არა პოლიტიკით დარჩებოდა ისტორიაში.

Why the Berlin Wall rose—and how it fell

ანდა ძველისძველი ამბავი: 1938 წლის ჩემპიონატზე, საფრანგეთში, იტალიის „აძურა“ ნაკრები შავი ფორმებით თამაშობდა და მატჩების წინ ფაშისტურ სალამს იძლეოდა. მიზეზი: იტალია ფაშისტური ქვეყანა იყო, მისი ლიდერი კი ბენიტო მუსოლინი გახლდათ. მასპინძლებთან მეოთხედფინალის წინ მუსოლინიმ თავის ფეხბურთელებს შეუთვალა: გაიმარჯვეთ ან მოკვდით. ბედად იტალიელებმა ამ შეხვედრაშიც გაიმარჯვეს და მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ.

1974 წელს კი გერმანია ორი იყო: ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკა. ნაგიჟარი ჰიტლერის სისხლიანმა ავანტიურამ მისი ქვეყანა კარგა ხნით გაჰყო ორად. და აი, 74-ში გერმანიები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს თამაშიც მხოლოდ პოლიტიკის გამო დარჩა მეხსიერებაში. დემოკრატიულმა ანუ კომუნისტების გერმანიამ 1:0 მოიგო. ალბათ, მათაც სამკვდრო-საციცოცხლო მოტივაცია ჰქონდათ.

1998 წელს წილისყრამ ერთმანეთს აშშ და ირანი დააპირისპირა. ეს იყო მტრად მოკიდებული ქვეყნების პირველი თამაში მას მერე რაც ისლამური რევოლუციის შემდეგ ამერიკელებმა შაჰი რეზა ფაჰლავი გააპარეს და ამას აშშ-ის სალეჩოში მძევლების კრიზისი მოჰყვა, რომელიც 444 დღე გრძელდებოდა — იხილეთ 2012 წლის ოსკაროსანი ფილმი „არგო“. ის ამ ამბებს აღწერს.

მაგრამ, მაინც მოდი პოლიტიკით ნუ გადავიღლებით. ასეა თუ ისე, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და გული კარგს ითხოვს, თვალი კი სანახაობას. იმედი ვიქონიოთ, იქნებ ამ ერთხელაც მოხდეს 1986-ის მაგვარი რამ, როდესაც ერთმა გენიოსმა ბურთით ომი დაჩრდილა.

მართალია, დღეს ისეთი გენიოსი მე არსად მეგულება, მაგრამ ბურთიანი ხალხი ხომ არის, კაცო.

 

Medical Team For Soccer Star Diego Maradona Charged In His Death : NPR

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *