საფეხბურთო კლუბები სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველა წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ახალ ფეხბურთელს მედიასა და გულშემატკივრებს წარუდგენენ ხოლმე. აღნიშნული აქტივობა სოციალური მედიის როლის ზრდის ფონზე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ყველა ცდილობს, ორიგინალური და განსხვავებული კონტენტი შექმნას, ამით კი სხვებისგან გამოირჩეოდეს.
საფეხბურთო კლუბი „რომა“ წლებია, ამ მხრივ, საინტერესოდ მუშაობს. კლუბი ახალწვეულების წარდგენის ვიდეოებში სხვა სახის ვიდეოს ინტეგრირებასაც ახდენს. საუბარია დაკარგულ ბავშვებზე, რომლებსაც ოჯახები ეძებენ, კლუბი კი ცდილობს, ძებნის პროცესში მათ დაეხმაროს. აღნიშნული კამპანიის შედეგად, უკვე 12 დაკარგული ბავშვი იპოვეს და ოჯახებში დააბრუნეს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა დედაქალაქელების უზბეკი ახალწვეულის ვიდეო იყო, ელდორ შომუროდოვის წარდგენის ვიდეოთი, პოლონელი დაკარგული გოგონა იპოვეს, ის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ვიდეოს მონაკვეთიდან ამოიცნო და ოჯახს ამის შესახებ აცნობა.
„საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვარ ამაყი და ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, გოგონა უვნებელი და ცოცხალი იპოვეს, ის უკვე საკუთარ ოჯახთანაა და მშვიდად არიან“, – ამბობს ფეხბურთელი.
„ჩვენ ახალი კულტურა დავნერგეთ, სიახლე, რომელიც საოცარ სიკეთეს ასხივებს, ბავშვები შინ ბრუნდებიან და ოჯახებში ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო? გვიხარია, რომ აღნიშნულმა იდეამ გაამართლა“, – ამბობს რომას სოციალიური მედიის მენეჯერი, ჯორჯო ვენტურო.