რონალდინიოს ისევ იჭერენ?

ლეგენდარულ რონალდინიოს ისევ დაპატიმრებით დაემუქრნენ… მიზეზი, ამჯერად, ალიმენტების გადაუხდელობაა.

ერთი თვის წინათ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბურთის ჯადოქარი ალიმენტს არ უხდის ცოლყოფილ პრისცილა კლოელიოს. თავიდან დრო 11 ნოემბრამდე მისცეს, მაგრამ ყური არ შეიბერტყა.

ახლა დეკემბრის ბოლომდე აქვს ვადა. თუ არ გადაიხდის, ქონების დაყადაღებითა და ახალი პატიმრობით ემუქრებიან.

ბრაზილიური მედია წერს, რონალდინიო ამ მორიგი სკანდალის გამო ძალიან წუხს და ცოტა ხნით დუბაიში გაემგზავრა დასამშვიდებლადო.

No description available.

თუ დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ რონალდინიო პარაგვაის ციხეში მოხვდა. მაშინაც რაღაც გაუგებარი, ცოტა კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ფეხბურთელმა ძმასთან ერთად პარაგვაის საზღვარი გადაკვეთა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ  უკან დაბრუნებამდე ორი დღით ადრე აღმოჩნდა, რომ მათი საბუთები ყალბი ყოფილა და დააპატიმრეს.

რონალდინიო მხიარული კაცია და არც გისოსებს მიღმა მოუწყენია. ბურთს იქაც აგორებდა. გუნდიც შექმნა და შიდატურნირიც მოიგო „გოჭზე და ოციანზე.“

ძმასთან ერთად თავდებით გაშვებას ითხოვდა და 1,6 მილიონ დოლარსაც იხდიდა.  სასამართლომ მხოლოდ მეოთხე ცდაზე დაუკმაყოფილა თხოვნა. „დამნაშავეები“ შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუ ამას პატიმრობა ეთქმის. ძმები სასტუმროს ლუქს ნომერში მოათავსეს. თავგადასავალი 2020-ის ზაფხულში დამთავრდა, როცა ბრალდება მოუხსნეს.

თუმცა უარესი წინ ელოდა. ციხეში ყოფნის დროს, სულ იმას ამბობდა, ერთი დედასთან ჩამახუტა და მეტი არაფერი მინდაო.

წლის ბოლოს დედას კორონავირუსი დაემართა და რეანიმაციაში მოხვდა. ვირუსთან ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდა და ტრაგიკულად დასრულდა, 2021-ის თებერვალში 71 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

ეს ამბავი დიდი დარტყმა აღმოჩნდა ყოფილი ფეხბურთელისთვის. „დედა ძალისა და სიხარულის მომნიჭებელი წყარო იყო ჩვენ ოჯახში და ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. მომავალშიც იმ ძალით გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – დაწერა რონალდინიომ ინსტაგრამში.

შემდეგ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონს ალკოჰოლის პრობლემები მიეძალა. თუმცა არც მანამდე იყო უამისობა. კარიერის ბოლო წლებში ბრაზილიაში დაბრუნდა, ფლამენგოსა და ფლუმინენსეში ითამაშა. ვარჯიშებს აცდენს, ხოლო როცა მოდის ნასვამიაო – ამბობდნენ. მაგრამ ავტორიტეტის გამო ვერაფერს ეუბნებოდნენ. უფრო ადრე, ბარსელონაში ყოფნისას, სწორედ რეჟიმის დარღვევის გამო დაითხოვა გუნდიდან გვარდიოლამ.

No description available.

ესპანურ მარკას მისმა ახლო მეგობარმა უთხრა: დილას არყით, ვისკით და ჯინით იწყებს. ასე გრძელდება შუაღამემდე. ყოველ საღამოს მასთან სტუმრიანობაა. დედის გარდაცვალების შემდეგ კი მთლად აიშვაო.

თუმცა სასიამოვნო დღეებიც აქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ თავის ძველ მეგობარს, ლეო მესის შეხვდა, რომელსაც ბარსელონადან იცნობს და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მასთან. პსჟ -ლაიფციგის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დაპატიჟეს.

„ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ბოლო დროს. ლეო ჩემი ნამდვილი, გულითადი მეგობარია. თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს. არ გაგვიფორმებია არაფერი, რაც ვართ, ეგ ვართ. მის ოჯახთანაც საუკეთესო დამოკიდებულება მაქვს,“ – უთხრა მერე ჟურნალისტებს უმცროსმა „კიჭამ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *