ვის რა მოსწონს ფეხბურთში. საქართველოში გამორჩევით ყოველთვის „მატაობა“ უყვარდათ და ამიტომაცაა „მომატავე“ ფეხბურთელები ყველაზე დიდ ვარსკვლავებად რომ ითვლებოდნენ.
ფეხბურთი კი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება: ბურთის მიღებისგან, დრიბლინგისგან, პასისგან, დარტყმისგან, თავურისგან, უბურთო გადაადგილებისგან, სირბილისგან, ხტომისგან… ვიღაცაზე მეუბნებოდნენ, ლაზათიანი „პოდკატის“ ნახვა ყველაფერს ურჩევნიაო. აუ, რა „პოდკატებს“ აკეთებდა თამაზ კოსტავა. ამდენი, ასე ლამაზად და სუფთად შესრულებული „პოდკატი“ სხვისი შესრულებით არ მინახავს.
დღეს, ჩვენი განაპირა მცველები მინდა გავიხსენო.
ფლანგის მცველობა ისეთი ამპლუაა, წინ და უკან გაუთავებელი სირბილი კი სჭირდება, მაგრამ დიდი პლიუსი აქვს: მცველიც ხარ და თავდამსხმელიც. წინ რომ მიდიხარ გარემარბი ხდები. თან, ლამაზად თამაშისთვის ხელ ფეხი გაქვს გახსნილი. იგივე თამაზ კოსტავა ისე მოხდენილად შევიდოდა ხოლმე მოწინააღმდეგის საჯარიმოში, რომ ტრიბუნები გუგუნით ფეხზე წამოიშლებოდნენ.
ინგლისურ სიტყვას „ოვერლეპი“ ქართული შესატყვისი არ აქვს. ეს ის არის, განაპირა მცველი ბურთს აუტის ხაზის გასწვრივ რომ წამოიღებს, სადღაც მოედნის შუაში ნახევარმცველს გადააწოდებს, თვითონ კი თავქუდმოგლეჯილი გზას განაგრძობს. ამ დროს, მოწინააღმდეგის ყურადღება უნებლიედ ბურთიან ნახევარმცველზე გადადის, ის კი ერთი ან ორი შეხებით პასს ისევ იმ განაპირა მცველს გაუჭრის და… კაცი წეღან მცველი რომ იყო, ახლა გარემარბია. ლამაზი სანახავია ეს ყველაფერი. მოძრაობაა, დინამიკაა.
დიდი განაპირა მცველები გვყავდა ქართველებს, ძალიან დიდი. ჯერ მარტო რეზო ძოძუაშვილი რად ღირს. ნაკრებში ლეგენდარული ჯორჯ ბესტი და დრაგან ჯაიჩი ჰყავს „დაკეტილი“. ეს, ასე ვთქვათ, მისი კარიერის ჰაილაითებია, თორემ ამ ორი შეხვედრის მიღმა რა ფეხბურთი აქვს ნათამაშები, კიდევ ცალკე სალაპარაკოა. მე მისი კარიერის ბოლო მახსოვს, ისიც ბუნდოვნად, მაგრამ უფროსები რას ამბობდნენ იმას რა დამავიწყებს.
გელა კეტაშვილი იყო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. უჰ, ისეთი სხარტი იყო. აი, კიდევ ვის ეხერხებოდა „პოდკატი“. ოლიმპიადის ფინალში რომარიო(!) ჩააბარეს. ბიშოვეცმა კაიუტაში დაიბარა (გემზე იყვნენ), დაბადების დღის საჩუქარი მაქვს შენთვისო. გაუხარდა გელას, მწვრთნელმა კი… რომარიოს გჩუქნი, ფეხი არ უნდა გაანძრევინოო. დიდ სპორტსმენებს ამოცანებიც დიდი ჰქონდათ.
კიდევ, ილია რუხაძე მახსოვს, უნიჭიერესი. გვიხაროდა, კოსტავა ხომ არის და არის, აქ კიდევ რუხაძე მოდისო. სამწუხაროდ დაშავდა, ბედმა უმტყუნა. ნოდარ ხიზანიშვილი კი საიმედო და ელეგანტური იყო. ლამაზად იცოდა თამაში.
ვინც აქამდე ჩამოვთვალე, ყველანი მარჯვენაფლანგელები იყვნენ. მაშინ ასეთი აზრი იყო გავრცელებული, ქართველებს დავცაში თამაში უფრო მარჯვნიდან გვეხერხებაო. სისულელეა, მაგრამ…
მარცხნივ კი დავით მუჯირი გამოირჩეოდა; მოკლე დისტანციაზე საოცრად სწრაფი იყო. ხუმრობდნენ, გადარია ბლოხინი: გასცდება მუჯირს, ის კი ისევ წინ უდგას; გასცდება მეორედ, ის მაინც წინ არისო. დაეწეოდა, შემოურბენდა და ისევ წინიდან ხვდებოდაო.
მერე, თასების თასზე გია თავაძემ ჩაიბარა ესტაფეტა. გაამართლა. გია ჭილაია კი ლივერპულთან დრიბლინგით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. აი, რამაზ შენგელიას საგოლე პასი რომ მისცა. „ბრილიანტის დრიბლიორიაო“, ინგლისელებს დაუწერიათ.
თუმცა, როდესაც ქართულ ფეხბურთზე, ზოგადად დაცვაზე და კონკრეტულად დაცვის მარცხენა ფრთაზე ვლაპარაკობთ, ცხადია გამორჩევით კახა კალაძე უნდა ვახსენოთ, თავისი დიდი მილანური კარიერითა და ორი ჩემპიონთა ლიგით!
ახლა, ჩემზე უფროს და მრავლისმნახველ გულშემატკივრებს მინდა ბოდიში მოვუხადო. თქვენს წინაშე, ბატონებო, მხოლოდ და მხოლოდ ბლოგია ანუ მე იმას ვყვები რაც თავად მინახავს და მომწონებია. ფეხბურთის ისტორიკოსი არ ვარ, თემა არქივებში არ მაქვს დამუშავებული. ამიტომ, თუ უფრო ადრინდელ ქართველ განაპირა მცველებზე ვერაფერს ვამბობ, უნდა მაპატიოთ. მე მათი თამაში არ მინახავს.
და ცხადია ძალიან ბევრი განაპირა მცველი უბრალოდ გამოვტოვე. თუნდაც, ოდესღაც ჩემი ფავორიტი დიმა კუდინოვი არ მიხსენებია, რომელსაც ცუდ დროს მოუწია თამაშმა, თორემ ყველა მონაცემი ჰქონდა უფრო მაღალ დონეზე რომ გამოჩენილიყო. კიდევ, იყვნენ მალხაზ არზიანი, ზაზა რევიშვილი, გიორგი ჩიხრაძე და მრავალი სხვა. თემა მართლაც ამოუწურავია, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენი დღევანდელი ბიჭები ცარიელ ადგილზე არ მოსულან. საქართველოში დაცვის ფლანგზე თამაშის დიდი ტრადიცია არსებობს. მემკვიდრეობა კი არ უნდა დავკარგოთ.