იტალიის ქალაქ ტურინში სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველ ტურში, „მწვანე ჯგუფში“ ერთმანეთს ანდრეი რუბლიოვი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.
რუსი ჩოგბურთელი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ATP-ის ტურნირებზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული ქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ანდრეიმ მოახერხა და შემაჯამებელ ტურნირს მშვენიერ ფორმაში შეხვდა – პირველივე მატჩში საკმაოდ იოლად მოუგო ბერძენ ჩოგბურთელს 6:4 6:4.
1. რუსი ჩოგბურთელის პირველი ჩაწოდება ძალიან კარგად მუშაობდა – განსაკუთრებით პირველ სეტში. ანდრეი ფენომენალური სიზუსტით აწვდიდა და მატჩის ბოლოს რეალიზაციის 90% ქონდა.
2. მეორე ჩაწოდებაზე რუბლიოვს პრობლემები შეექმნა – გათამაშებული ქულების მხოლოდ 32% მოიგო, თუმცა შედარებით გამოასწორა სიტუაცია მეორე სეტის მეორე ნახევარში, როდესაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო.
3. მიღებაზე ანდრეიმ ძალიან კარგად ითამაშა – ჯამში 7 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა (4 სხვადასხვა გეიმში) – იდეალური სიზუსტით გზავნიდა ბურთებს კორტის სიღრმეში და პირველივე შანსისთანავე ცდილობდა დაეტვირთა სტეფანოსის ბექჰენდი, რაც ბერძენს მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.
4. სტატისტიკას რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ ორივე ჩოგბურთელს 27-27 ვინერსი ქონდათ (საკუთარი აქტიური ქმედების შედეგად მოგებული ქულა), თუმცა ანდრეიმ თითქმის ორჯერ ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა ვიდრე მისმა მეტოქემ 13-27.
5. ტურინში საკმაოდ სწრაფი კორტია, ამ ფაქტმა კი დიდი უპირატესობა მისცა რუბლიოვს, რომელმაც უკანა ხაზიდან შესრულებული დარტყმებით სათავისოდ გადაწყვიტა მატჩის ბედიც.
მატჩის მიმდინარეობა კი ასეთი გახლდათ – ორივე პარტია ძალიან გავდა ერთმანეთს – რუბლიოვმა როგორც პირველი, ასევე მეორე სეტის მეხუთე გეიმში შეასრულა ბრეიკი და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4 6:4.
მწვანე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7:6 6:2 სძლია კასპერ რუუდს.
მეორე ტურში „ჯოკო“ რუბლიოვს ეთამასება, რუუდი კი ციციპასს.