რუსული სპორტის ტრაგედია, რომელიც სპორტსმენებისთვის კოშმარად იქცა

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას აკრედიტაცია შეუჩერა. WADA-ს გადაწყვეტილების შედეგად, მოსკოვის ლაბორატორიას უფლება არა აქვს ჩაატაროს სისხლის სინჯების ანალიზი, რაც სპორტსმენების ბიოლოგიური პასპორტებისთვის არის საჭირო. მოსკოვის ლაბორატორიას, რომლის საქმიანობაც 2020 წლის იანვრიდან დროებით იყო შეჩერებული, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა.

 

გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს საერთაშორისო სტანდარტთან შეუსაბამობა გახდა, რადგან რუსეთი სახელმწიფო დონეზე კვლავ „ბინძური სპორტის“ მოთამაშედ გვევლინება. WADA მიიჩნევს, რომ მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზების ასლები, რომლებიც რუსეთის მხარემ მათ 2019 წელს გადასცა, ფალსიფიცირებული იყო, მათ შორის ლაბორატორიის თანამშრომელთა მიერ. მაშინ, WADA-ს მიერ ჩატარებული სკრუპულოზური გამოძიებით დადგინდა, რომ მოსკოვის ლაბორატორიაში 2012 წლიდან ათასობით რუსი სპორტსმენის სინჯების ფალსიფიკაცია ხდებოდა, მათი მონაცემები სპორტსმენების სასარგებლოდ იყო შეცვლილი და ამ სიყალბეს სახელმწიფო ინსტიტუტები უწყობდნენ ხელს.

 

No description available.

 

მას მერე რაც ეს ფაქტი გაირკვა, არაერთ რუს სპორტსმენს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, მედლებიც კი ჩამოართვეს. ასეთი დამოკიდებულების და ცინიზმის გამო დაისაჯა მთლიანად რუსული სპორტი, რადგან სასჯელი საკმაოდ წონადი აღმოჩნდა: რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა მხოლოდ ჰიმნისა და დროშის გარეშე შეუძლიათ და მხოლოდ ნეიტრალურ სტატუსში. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მათ არც რუსეთის ეროვნული ჰიმნის გაჟღერების ნება მისცეს და არც სამშობლოს სახელმწიფო დროშის აფრიალება. მათ ROC-ის (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) დროშით და ემბლემით მოუწიათ გამოსვლა და ასე იქნება პეკინის ოლიმპიადაზეც. სანქციებს შორის არის რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების გამართვის აკრძალვაც.

No description available.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ახლაც, რუსული სპორტის ჩინოვნიკები და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი გულშემატკივრებს იმით ამშვიდებენ, რომ WADA -ს უახლესი გადაწყვეტილება ფორმალობაა, მოსკოვის ლაბორატორია ისედაც კარგა ხანია ვერ მუშაობდა და რუსი სპორტსმენების სინჯებს ანალიზისთვის ევროპაში აგზავნიდნენ. ის, რომ მოსკოვის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ საერთაშორისო დონეზე სახე საბოლოოდ დაკარგა, ეს სადარდებლად არ მიაჩნიათ.

 

No description available.

თუმცა, RUSADA-ს ( რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო) წინა ხელმძღვანელი იური განუსი, რუსეთის სპორტში მიმდინარე პროცესებს ტრაგედიას უწოდებდა. რუსი ჩინოვნიკების მოქმედებას, ის სპორტსმენების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. 2018 წელს განუსმა ვლადიმერ პუტინს ღია წერილითაც მიმართა და პრობლემის აღიარება სთხოვა, თუმცა მალევე მის მიმართ შანტაჟი, მუქარები და თაღლითობაში ბრალდებები გაისმა. მას მალევე პოსტი დაატოვებინეს, ხოლო რუსი სპორტსმენების მიმართ ნდობა მსოფლიოში ფსკერის ნიშნულზე აღმოჩნდა.

 

სამაგიეროდ, „МатчTV“-ის გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი ტოკიოს ოლიმპიადის დროს მთელ მსოფლიოს დაჰპირდა, რომ ყველას, ვისაც რუსი სპორტსმენების არ სჯერა, რქები გაეზრდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მომავალ ოლიმპიადაზეც კრემლის მიერ დანაშაულებრივად მართული პროცესების გამო, რუსი სპორტსმენები ასეთი არასერიოზული განცხადებების იმედად რჩებიან.

 

ავტორი: გიორგი ნეფარიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *