ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში გრძელდება ქალთა 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე წრის შეხვედრაში ლუდმილა სამსონოვა არინა საბალენკას უპირისპირდებოდა. მატჩის ფავორიტად ბელორუსი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა რუსმა იდეალური სტარტი აიღო.
არინამ პირველი გეიმი მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ “დიდი გამყინვარება” დაეწყო და ზედიზედ 5 გეიმი დათმო. საბალენკა ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში გახლდათ – 1:5 ჩამორჩენის აღმოფხვრა ქალთა ჩოგბურთშიც კი ურთულესი საქმეა.
ბელორუსმა ნელ-ნელა დაალაგა თამაში და “ქამბექის” რთულ გზას “შეუდგა”. მე-9 გეიმში ლუდმილამ 3 სეტპოინტის რეალიზება ვერ შეძლო, ხოლო მეათეში – ერთის.
საბალენკამ დიდი გაჭირვებით პარტია ტაიბრეიკზე გადაიყვანა, სადაც კიდევ ორი სეტპოინტი მოიგერია და ურთულეს ბრძოლაში საჩოგბურთო ლატარეა 10-8 მოიგო.
მეორე პარტიის საწყისი ორი გეიმი არინას უპირატესობით წარიმართა და ბელორუსმა 2:0 წაიყვანა ანგარიში. ლუდმილა დროულად გამოფხიზლდა და დროული უკუბრეიკი შეასრულა 2:2.
ჩოგბურთელებმა საკუთარ ჩაწოდებაზე სტაბილურობა დაიბრუნეს და ტაიბრეიკამდე ნერვიულობის გარეშე მივიდნენ.
ბელორუსმა თავიდანვე მოიპოვა 4 ქულიანი უპირატესობა და მე-13 გეიმი 7-3 მოიგო, მასთან ერთად კი მატჩიც 7:6 7:6.
ადელაიდას ტურნირის 1/4 ფინალში საბალენკა ჩეხ ჩოგბურთელს – მარკეტა ვონდრუშოვას დაუპირისპირდება.