საბა ლობჟანიძე ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელად იქცა. თუ ვლადიმირ ვაისი მას ნაკლებად ენდობოდა და ძირითადად შეცვლაზე შეყავდა, ფრანგის დროს 5 მატჩიდან 4 ძირითადში ითამაშა. ლობჟანიძემ ანკარაგუჯუ დატოვა და კარიერას ჰატაისპორში გააგრძელებს, სადაც 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჰატაისპორში ტრანსფერზე, საქართველოს ნაკრებზე, მაკედონიასთან მატჩში უთამაშებლობით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე ლობჟანიძემ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა.
– რამდენიმე გუნდი გიწვევდა, შენ კი ჰატაისპორში გადახვედი. რამ განაპირობა შენი არჩევანი?
– ჰატაისპორი კარგი გუნდია, კარგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, წინა სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა და კარგი პერიოდი უდგას. მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ჩემით მწვრთნელი იყო დაინტერესებული, მან დამირეკა და ჩემს ტრანსფერზე დიდხანს ვისაუბრეთ. საუბრისას მითხრა, რომ დიდი გეგმები აქვს და სურს მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყო. ფეხბურთში საერთოდ მწვრთნელის ინტერესი ბევრს ნიშნავს, საბოლოო ჯამში სწორედ ის წყვეტს ვინ ითამაშებს. სად მწვრთნელის დაინტერესება და სად პრეზიდენტის ან სპორტული დირექტორის.
– რა მიზნები აქვს გუნდს?
– ჰატაისპორის მთავარი ამოცანა ხუთეულში მოხვედრა და ევროტურნირებზე თამაშია.
– ჰატაისპორის გარდა რა ვარიანტები გქონდა?
– რამდენიმე თურქული გუნდის წინადადება იყო.
– როგორც ვიცი გერმანიიდანაც იყო ინტერესი…
– დიახ, ასეა. ბუნდესლიგიდან მხოლოდ დაინტერესება იყო, მეორე ბუნდესლიგიდან კი კონტრაქტი შემომთავაზეს. მეორე ბუნდესლიგაში თამაშს თურქეთში დარჩენა ვამჯობინე. ბუნდესლიგიდან რომ შემოეთავაზებინათ კონტრაქტი, გერმანიაში დაუფიქრებლად წავიდოდი.
– წელიწადნახევარია თურქეთში თამაშობ. შენი აზრით, ყველაზე მეტად რა კომპონენტში მოუმატე?
– ვფიქრობ ბევრად გავიზარდე, რაც შეეხება კომპონენტებს, თურქეთში დანიასთან შედარებით ბევრად მაღალი დონეა. ეხლა უფრო მეტად შემიძლია დაცვას დავეხმარო, ეს იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ბაბელთან მცველს ერთი ერთზე ვერ დატოვებ.
– ზოგადად ანკარაგუჯუზე რას გვეტყვი? ამ გუნდში ცოტა ხანს არ მოგიწია თამაში და რა შთაბეჭდილება დატოვა შენზე?
– დიდი ისტორიის და პოტენციალის მქონე გუნდია, თუმცა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ იყენებენ.
– თურქეთში შარშან იანვარში გადახვედი და მალე პანდემია დაიწყო, თუმცა რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატარე გულშემატკივრების დასწრების ფონზე. რა შთაბეჭდილება დაგრჩა თურქ ქომაგებზე?
– ძალიან გიჟი ფანები არიან, გულშემატკივრობის დიდი კულტურა აქვთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს ფენერბახჩეს და ბეშიქთაშის ქომაგებმა.
– რამდენიმე თვის წინ გალათასარაის შესანიშნავი გოლი გაუტანე, ეს ეპიზოდი რომ გაიხსენო…
– 1:0-ს ვიგებდით და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, ამ დროს კონტრშეტევაზე დავიჭირე და ჩემი საქმე გავაკეთე, ეგ არის და ეგ.
– თურქეთში ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. უშუალოდ თამაშისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა?
– ბევრი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება. გალათასარაისთან კუთხურებზე ფალკაოს ვიყვანდი, ყველა კუთხურზე მახსენდებოდა თუ რა მაგრად თამაშობს თავით. ვეუბნებოდი დღეს არ გაიტანო და შემდეგ თამაშზე შეაგდეთქო, მას ამაზე ეცინებოდა. ასევე გამოვარჩევ ბაბელს, რობინიოს. 1:0-ს ვიგებდით, 70-ზე წუთზე რობინიო შემოვიდა და მარტომ მოიგო თამაში. იოზილსაც შევხვდი მინდორზე, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებია.
– სანაკრებო თემებზეც გადავიდეთ, ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს ვილი სანიოლი სახით, როგორ დაახასიათებ ფრანგს?
– სანიოლთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ყველა ფეხბურთელს ცალკე ესაუბრება. ძალიან ღია ადამიანია და გვეუბნება რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, მოდი მითხარი და ერთად მოვაგვაროთო. მსგავსი მიდგომა ძალიან მომწონს. რაც შეეხება განვლილ მატჩებს, თამაშის ხარისხი კარგი იყო. სამწუხაროა, რომ ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა.
– შენი აზრით თამაშიდან გამომდინარე მეტ ქულას ვიმსახურებდით?
– ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი მაინც შედეგია.
– ეხლა რა უნდა იყოს ნაკრების მიზანი? ჯგუფიდან გასვლა თუ შემდეგი ერთა ლიგისთვის მომზადება?
– ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შედეგის დადება და ერთა ლიგისთვის მზადება ერთდროულად შეიძლება.
– ესპანეთთან თამაშზე უნდა გკითხო, დიდ ხნიანი შესვენების შემდეგ გულშემტკივრების ფონზე დინამო არენაზე მოგიწია თამაში. რამდენად იყო ეს დამატებითი სტიმული?
– წეღან რომ ვთქვი თურქეთის გიჟი ფანებითქო, იმდენად გვენატრებოდა ქართველი გულშემატკივრების წინაშე თამაში, თურქ გიჟებე დიდი სტიმული ქართველმა ქომაგებმა მომცეს.
– ვის გამოარჩევდი ესპანელებიდან?
– ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ხორდი ალბამ ძალიან დამღალა, წინ და უკან დავსდევდი.
– ვაისის დროს უმეტესად შეცვლაზე შედიოდი, სანიოლმა კი სამივე თამაში ძირითადში დაგაყენა. თუ იგრძენი რომ ის შენ გენდობა და შენი ეიმედება?
– კი რა თქმა უნდა, თუმცა ჩვეულებრივი მომენტია, ხან ითამაშებ ან არა, გააჩნია როგორ ფორმაში ხარ.
– ვაისზე რა აზრის ხარ?
– ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მწვრთნელია. როგორც ყველას მასაც თავისი შეხედულებები ჰქონდა. ვაისთან ერთად ერთა ლიგაზე D დივიზიონში ჩვენი ჯგუფი მოვიგეთ. შეიძლება დიდი გუნდებთან არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ.
– მაკედონიასთან თამაშზე დაახლოებით 40 წუთი ხურდებოდი, თუმცა ბოლოს მაინც არ მოგიწია თამაში. უთამაშებლობით ცხადია გულდაწყვეტილი იქნებოდი, ფიქრობდი, რომ ვაისი უსამართლოდ მოგექცა?
– რა თქმა უნდა დამწყდა გული, თამაში ძალიან მინდოდა. 3-4 კილომეტრი ვირბინე გახურებისას და ვფიქრობდი, რომ შევიდოდი. რაც შეეხება უსამართლობის მომენტს, მაგაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა და არც მიფიქრია.
– მაგ მატჩის წაგების მთავარი მიზეზი რა გგონია?
– ბოლომდე ვერ დავალაგეთ თამაში, ერთი გოლის თამაში ჩანდა, ვინც შეაგდებდა ის მოიგებდა. ესეთ მომენტში როცა იცი, რომ 1 გოლი წყვეტს ყველაფერს, გაშვების შემდეგ რთულია კონცენტრაცია და მობილიზება. ვფიქრობ გოლის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა. ჩემი აზრით, ვაისს 1:0-ის შემდეგ ეგრევე ცვლილება უნდა გაეკეთებინა , არ ვამბობ რომ მაინც და მაინც მე უნდა შევეყვანე.
– საქართველოს ჩემპიონატს ალბათ ადევნებ თვალყურს, შენი აზრით ეროვნული ლიგა პროგრესირებს?
– კი ვუყურებ თამაშებს და ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი წინ მიდის. ცალკე სათქმელია დინამო ბათუმის მომენტი. ამ გუნდს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს, რაც ალამაზებს ჩემპიონატს.
– როგორც ყველა ფეხბურთელმა შენც გამოიარე რთული მომენტები. დინამოში ყოფნისას გია გეგუჩაძე ხშირად არ გათამაშებდა. ეს ალბათ ფსიქოლოგიურად რთული იყო. როგორ დაძლიე ეს ბარიერი?
– სიმართლე გითხრათ გეგუჩაძის მადლობელი ვარ, რადგან ამ უთამაშებლობამ მენტალურად გამაძლიერა. 20 წლის ბიჭი სკამზე ვიჯექი და ეს ჩემთვის რთული იყო. ასევე 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი. რთული თემაა, არ უნდოდა და არ მათამაშებდა. ერთ ამბავს გავიხსენებ, ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთის 21 წლამდელებთან გვქონდა თამაში და მაგ შეხვედრამდე საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ერთი წუთიც არ მათამაშა. არა და ვიცოდი, რომ ამ თამაშზე მაშინდელი მწვრთნელი საშა ჩივაძე იყო მოსული, რომელსაც ჩემი იმედი ჰქონდა. გული დამწყდა, რომ არ მათამაშა, მაგრამ ჩივაძემ მაინც გამომიძახა. ესპანეთთან თამაშამდე მასთან საუბარი მქონდა და მითხრა, რომ ძირითადში ვერ დამაყენებდა, რადგან პრაქტიკა არ მქონდა და ვფიქრობ სწორადაც მოიქცა. შემდეგ შეცვლაზე შევედი და გახსოვთ ალბათ გოლიც გავიტანე.
– ჩივაძეზე ცოტა ვრცლად რომ მესაუბრო…
– ამ კაცის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რთულ მომენტებში ყოველთვის გვერდით მედგა. ესპანეთთან ნდობამ და გოლმა ჩემს წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩივაძეს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი მიდგომა ჰქონდა და ურთიერთობაში ხშირად იუმორიც შემოჰქონდა.
– ჩიხურას პერიოდიც რომ გავიხსენოთ, საჩხერეში გატარებული დრო ძალიან წაგადგა…
– ვფიქრობ ეს მართლაც გარდამტეხი პერიოდი იყო. დიდად არავინ მცნობდა, გეგუჩაძის შემდეგ დინამოში იარაბეკი დაინიშნა და არც ის მათამაშებდა. ჩიხურაში მიღებული გამოცდილება რომ არა, შეიძლებოდა არც დინამოში დავბრუნებულიყავი და არც ევროპაში წავსულიყავი.
– ჩიხურას შემდეგ დინამოში დაბრუნდი და კახა კაჭარავას ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყავი…
– კაჭარავა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. მასთან ურთიერთობაც და მუშაობაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ეს პერიოდი განვითარებაში ძალიან დამეხმარა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ კახას.