ეროვნულ ლიგაში ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელია, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. ერთ–ერთი მათგანი დინამო თბილისის ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანია. 18 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ვილი სანიოლმა იგი ბულგარეთთან თავიდან ბოლომდე ათამაშა.
ხვადაგიანი საქართველოს ჩემპიონატში პირველ სეზონს ატარებს. მან მალევე მოახერხა ყურადღების მიქცევა გულშემატკივრების და როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მხრიდანაც.
Leadersport.ge საბას დინამო თბილისის ბაზაზე შეხვდა და შეეცადა გულშემატკივრებისთვის უკეთ გაეცნო.
– სად და რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?
– ფეხბურთზე 10 წლის ასაკში ბოლნისის სიონის ბავშვთა საფეხბურთო გუნდში შევედი. თავიდან თავდამსხმელი ვიყავი, შემდეგ ცენტრალურ მცველად დამწიეს, დრო და დრო ვუმატებდი. 11 წლის ვიყავი, როცა ჩემი თამაში დინამოს აკადემიის მწვრთნელმა თემურ უგრეხელიძემ ნახა და დინამოში 1 კვირიან გაინჯვაზე მიმიწვია, მოვეწონე და გუნდში დამიტოვეს.
– როგორი შეგრძნებაა, როცა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობის წევრი ხარ?
– ადრე ბურთის მომწოდებელი ბიჭი ვიყავი, სულ ვოცნებობდი, რომ მალე მეც მეთამაშა. ეხლა უკვე დინამოს წევრი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მიხარია, რომ მწვრთნელები მენდობიან.
– დინამოს ერთ–ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი კახა ცხადაძე წვრთნის. რამდენად კომფორტულია შენთვის მასთან მუშაობა?
– კახა ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი მწვრთნელია. ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. პირადად მე მასთან მუშაობა ძალიან მომწონს.
– დინამო თბილისი დინამო ბათუმს 5 ქულით ჩამორჩება. აქედან გამომდინარე, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ტიტული შეინარჩუნოთ?
– კი, ქულებით წინ არიან, თუმცა მიუხედავად ამისა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.
– დღევანდელი ფორმაციის დინამო თბილისს როგორ დაახასიათებ?
– ცხადაძის ტაქტიკას ნელ–ნელა ვეჩვევით, დღესდღეობით ყველაფერი კარგად არის. მებრძოლი გუნდი ვართ და როგორც გითხარით, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
– როგორ გაიხსენებ იმ მომენტს როცა გაიგე, რომ ნაკრებში გამოგიძახეს?
– ძალიან გახარებული ვიყავი, ჩემთვის ეს გამოძახება მოულოდნელი იყო. როცა ნაკრებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოძახებული ვიყავი, საოცარი გრძნობა დამეუფლა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– 1 კვირიან სანაკრებო პერიოდზე რას გვეტყვი?
– თამაშები რომ მოგვეგო უკეთ გავიხსენებდი. ფეხბურთელებმა და ზოგადად გუნდმა კარგად მიმიღეს. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო.
– ვილი სანიოლს როგორ დაახასიათებ?
– კარგი მწვრთნელია, უნდა 100%-ით დავიხარჯოთ ვარჯიშზეც და თამაშზეც. მიხარია, რომ ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
– ელოდებოდი, რომ ბულგარეთთან ძირითად შემადგენლობაში დაგაყენებდა?
– კი, რადგან თამაშამდე მითხრა, ამის შესახებ. როცა მოედანზე გავდიოდი, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, ეს ეროვნული გუნდია და სხვანაირად ვერ იქნებოდა. ბევრი ხალხი მიყურებდა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები.
– ეს სანაკრებო დებიუტი და ზოგადად გამოძახება შენთვის ალბათ სტიმული იქნება…
– რა თქმა უნდა. ძალიან დამეხმარება და როგორც აღნიშნეთ, ჩემთვის დიდი სტიმულია.
– ევროპულ ფეხბურთში რომელია შენი საყვარელი გუნდი და საყვარელი ფეხბურთელი?
– გუნდებიდან ყველაზე მეტად ლივერპული მომწონს, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კი სერხიო რამოსია.
– 18 წლის ასაკში დინამოს ძირითადის წევრი ხარ და ნაკრებშიც გქონდა დებიუტი. ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარა ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?
– ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი მინდა ბიძა გამოვყო, რომელიც მუდამ გვერდში მედგა და დღესაც მიდგას.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– ბაზაზე ვცხოვრობ და იშვიათად სადმე გავიდე. უმეტეს წილად ვისვენებ და მეორე დღის ვარჯიშის თუ თამაშისთვის ვემზადები.
– რა არის შენი როგორც ფეხბურთელის მთავარი ოცნება?
– ჩემპიონთა ლიგის მოგება.