საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მე-5 ადგილზე დაამთავრა. ჩვენი გუნდი ორი ეტაპის ჯამშიც მეხუთე ადგილზე გავიდა.
შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა ექვსი თამაშიდან სამში გამარჯვება მოიპოვა, ორი მცირე სხვაობით დათმო, ჩემპიონ ესპანეთთან კი, მშრალი ანგარიშით წააგო.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიისა და ესპანეთის გუნდებთან წააგო, შესაბამისად 14:17 და 0:38. მესამე მატჩში კი, პოლონეთის ნაკრებს ვძლიეთ – 42:0.
მეოთხედფინალში ჩვენი ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა რუსებთან – 5:10. მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში ისევ პორტუგალიას დავუპირისპირდით და 24:12 მოვუგეთ. ფინალში კი, იტალიასთან დამატებით დრო დაგვჭირდა. ძირითადი დრო ფრედ 14:14 დასრულდა. დამატებით ხუთწუთიან ტაიმში ქართველი მორაგბეები უკეთ გაისარჯნენ და ლელოს გატანა მოახერხეს – 19:14.
რაგბი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა.
საქართველოს ნაკრები
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი კოშაძე (ხარები), თენგიზ პერანიძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), იოანე ხელაია (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი), ლუკა მატკავა (არმაზი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები).