საბურთალომ საქართველოს თასი მოიგო – 1 გოლი და დიდი დაძაბულობა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული 2021 წელს საბურთალო გახდა. ლევან კორღალიძის გუნდი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სასწორზე ტიტული იდო. მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში საბურთალომ მოუმატა და 65-ე წუთზე საჩემპიონო გოლი გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ, საბურთალოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ თავით მშვენიერი გოლი გაიტანა.

გაშვებული ბურთის შემდეგ, სამგურალი გააქტიურდა. გუნდი აქტიურად უტევდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ სამგურალმა საქართველოს თასზე მესამედან მესამე ფინალი წააგო, საბურთალომ კი მეორე ფინალი ითამაშა და 2 მოგებით იწონებს თავს.

დინამო ბათუმთან, დინამო თბილისთან და გორის დილასთან ერთად საბურთალო მეოთხე გუნდი იქნება, რომელიც ევროტურნირებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. საბურთალოს ანგარიშზე ამ მომენტისთვის საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს სუპერთასი და საქართველოს თასი (2) გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *