დღეს, 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის მეორე 1/2 ფინალი გაიმართა. საბურთალომ დინამო ბათუმს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ლევან კორღალიძის შეგირდებმა მეტოქეს თამაშითაც აჯობეს და გოლების გარდა არაერთი მომენტი შექმნეს, ხან მასპინძელთა შემტევი არ იყო ზუსტი, ხანაც კუპატაძე თამაშობდა საიმედოდ.
ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, კობახიძემ ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც დმიტრი მანდრიჩენკომ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
საბურთალო კვლავ უპირატესობას ფლობდა და უტევდა, თუმცა პირველ ტაიმში არ გაუტანია. სამაგიეროდ 54-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მარცხენათი გაისროლა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.
უსაქმოდ არც დინამო ბათუმი ყოფილა, თუმცა რბილად, რომ ვთქვათ, გეგუჩაძის შეგირდები ოპტიმალური ფორმისგან აშკარად შორს იყვნენ. 84-ე წუთზე სტუმრებმა 1 ბურთი გაქვითეს. საკმაოდ საკამათო სიტუაციაში პენალტი დაინიშნა და მამუჩაშვილმა შეაგდო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ეპიზოდებში ზოგი მსაჯი 11 მეტრიანს დებს, ზოგი არა. ჩემი სუბიექტური აზრით პენალტის დანიშვნისგან თავის შეკავება შეიძლებოდა.
ასე და ამგვარად საბურთალომ დინამო ბათუმი დაამარცხა, თასის ფინალში გავიდა და ტიტულისთვის ბრძოლაში სამგურალს გაეჯიბრება.