სათამაშო ფორმა QR კოდით – ნორვეგიულმა „ტრომსომ“ ახალი მაისური წარადგინა

ნორვეგიული საფეხბურთო კლუბი „ტრომსო“ პირველი პროფესიონალური სპორტული კლუბია, რომელიც საჯაროდ გამოვიდა და დაუპირისპირდა კატარში გასამართ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს. ნორვეგიელებმა სპეციალური აქცია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც, მათივე თქმით, ყველას გააგებინებენ თუ რა ხდება იქ, რა პირობებში ამუშავებენ ადამიანებს და როგორ ირღვევა მათი შრომითი უფლებები. კატარში შექმნილ მძიმე სამუშაო პირობებზე მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს, თუმცა სპორტულ წრეებში ეს თემა მაინც ტაბუდადებულია, თუმცა,  სკანდინავიელებმა სიჩუმის დარღვევა გადაწყვიტეს და საკმაოდ გააქტიურდნენ.

 

ამავე აქციის ფარგლებში, კლუბმა რამდენიმე დღის წინ, სპეციალური სათამაშო ფორმა წარადგინა. ახალი მაისური ინოვაციურია, მასზე დატანილია QR კოდი, რომელსაც გულშემატკივარი სპეციალურ ინტერნეტ მისამართზე გადაჰყავს. ეს არის საინფორმაციო გვერდი, სადაც დაიდება ყველა ის ინფორმაცია, რაც კატარში ადამიანების სამუშაო პირობებისა და ზოგადად, შევიწროების თემატიკაზე იქნება. ფორმის პრეზენტაციაში ის ადამიანიცაა ჩართული, რომელიც სტადიონის მშენებლობაზე მუშაობდა და თავად გადაიტანა ყველა ეს სირთულე.

 

რაც შეეხება მაისურს, ის უნიკალური და ინოვაციურია. აქამდე მსგავსი ტექნოლოგიური დეტალი არცერთ სათამაშო ეკიპირებაზე არ ყოფილა. ეს შეიძლება, სამომავლოდ საინტერესო გახდეს სასპონსორო და მარკეტინგული აქტივობების, სხვადასხვა „ფლეისმენთებისა“ და სპეციალური შეთავაზებებისთვის.

 

„კლუბი აქტიურად აპირებს ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ფეხბურთი ხალხს ეკუთვნის, თითოეული ადამიანის უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და  გრძნობდეს პატივისცემას დამსაქმებლის მხრიდან. ჩვენ დაჩაგრული ადამიანის გვერდით დავდგებით და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახალი მაისური გულშემატკივრებმა უკვე შეიყვარეს. ჩვენს ინტერნეტ მაღაზიასა და „ფანშოპში“ წინასწარი შეკვეთების შემდეგ ინტერესი კვლავ იზრდება. შეკვეთების დიდი რაოდენობა სხვა ქვეყნებიდან მოდის, რაც კამპანიის წარმატებულობაზე მიუთითებს“, – აცხადებს „ტრომსოს“ მარკეტინგის მენეჯერი ლინდ გრითი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *