ლას ვეგასში დასრულდა ნბა-ს საზაფხულო ლიგა. საჩემპიონო მატჩში საკრამენტომ 100-67 გაანადგურა „ბოსტონი“. „კინგზმა“ ფრენჩაიზის ისტორიაში მეორედ მოიგო „Summer League”, პირველი გამარჯვება კი 2014 წლით თარიღდება.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „საკრამენტოს“ ფორვარდი ლუის კინგი დასახელდა, რომელმაც „სელტიქსის“ წინააღმდეგ 21 ქულა დააგროვა და 5 ჩაჭრა ქონდა.
ლუისი 2019 წლის ნბა-ს დრაფტზე არავინ არ აირჩია, ახალგაზრდა კალათბურთელს მომდევნო 2 წლის გატარება G ლიგაში მოუწია, ხოლო 2021 წლის მაისში მან „კინგზისგან“ მიწვევა მიიღო, რომ ეთამაშა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. კინგმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა, რაც საშუალებას მისცემს გაიკვალოს გზა ნბა-ში.
„საკრამენტოს“ რიგებში სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა იანის ანტეტენკუმპოს უმცროსი ძმა – ალექს ანტეტენკუმპო, რომელმაც ასევე მოიპოვა „Summer League”-ს ტიტული.
უკანასკნელი 280 დღის განმავლობაში ოთხივე ძმა ანტეტენკუმპოებმა შეძლეს ტიტულის მოგება ნბა-ში.
2020 წელს, ორლანდოს ბაბლში, კოსტას ანტეტენკუმპო ნბა-ს ჩემპიონი გახდა „ლეიკერსთან“ ერთად, ტანასისმა და იანისმა ნბა-ს ტიტული „მილუოკისთან“ ერთად მოიგეს მიმდინარე წლის ივლისში, ხოლო ალექსისმა საზაფხულო ლიგა მოიგო.
„Summer League”-ს მიმდინარეობისას „საკრამენტოს“ რიგებში არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი გამოჩნდა – დევონ მიჩელი, წლევანდელი დრაფტის N9 არჩევანი, რომელმაც თავი გამოიჩინა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ასპარეზობისას.
რობერტ ვუდარდმა სახაფხულო ლიგაზე საშუალოდ 14,4 ქულა მოუტანა “კინგზს”, ხოლო ჯამიუს რამზიმ – 16.2.
საკრამენტოს საჩემპიონო გზა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე
საკრამენტო – შარლოტი 80:70
ვაშინგტონი – საკრამენტო 75:89
საკრამენტო – მემფისი 90:75
საკრამენტო – დალასი 86:70
ბოსტონი – საკრამენტო 67:100