სალაჰი საუკეთესოა! რონალდუ გაბრაზდება, მაგრამ…

მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგება გაახარებდა, მაგრამ არ თვლის, რომ ეს პრიზი ფეხბურთელის სიდიდის განმსაზღვრელია.

„ეს თემები ნაკლებად მაღელვებს. მოგატყუებთ რომ გითხრათ, ოქროს ბურთზე არ მიფიქრია-მეთქი, მაგრამ ისედაც ბედნიერი ვარ და ვიქნები, თუ ამ პრიზს ვერ მოვიგებ. ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი პოლიტიკის სფეროა. ჩემი მიზნები აფრიკის თასის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა“.

ეგვიპტის ნაკრები ახლა აფრიკის თასზე თამაშობს. ნაკრებს ცნობილი პორტუგალიელი კარლუშ კეირუში წვრთნის, რომელმაც სალაჰზე თქვა:

„ამ მომენტისთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ ამ სიტყვებზე გაბრაზდება, მაგრამ სიმართლეა“.

შეგახსენებთ, კარლუშ კეირუში დიდხანს მუშაობდა მანჩსტერ იუნაიტედში ალექს ფერგიუსონის თამაშემწედ.

Leave a comment

Your email address will not be published.