სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი

დღევანდელი ბლოგი კრიშტიანუ რონალდუს უნდა მივუძღვნა. სხვა გზა არ დამიტოვა. ზოგადად ისეთი შემოდგომა და კონკრეტულად ისეთი კვირა აქვს, რომ… ამ ერთ კვირაში, ჯერ ტოტენჰემთან ანგარიში გახსნა და საგოლე პასიც გადააწოდა, მერე კი ატალანტასთან ორი გაიტანა — პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში და მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში. ორივეჯერ გაქვითა. გიჟია, მეტოქეებს გამარჯვებას არ ანებებს. ხელიდან გლეჯს.

See the source image

რატომ იხდის მანჩესტერ იუნაიტედი საქმეს გასათანაბრებლად, ეს სხვა თემაა. ეს ძმებ გლეიზერებს, ოლე გუნარ სულშერს, მაიკლ ქერიკს, პოლ პოგბას, ჰარი მაგუაირს, დავიდ დე ხეას, რეშფორდს, კავანის, ოლდ ტრეფორდის დირექტორს, იუნაიტედის ავტობუსის მძღოლს, მანჩესტერის მერს და კიდევ ბევრ ადამიანს შეიძლება ვკითხოთ, რონალდუს გარდა. რონალდუ თავისას აკეთებს და მერე შეშლილის სახით ზეიმობს.

თან, არ დაგავიწყდეთ, თებერვალში 37 წლის ხდება. 37 წლის ხალხს ფეხბურთელის კარიერის აღმაფრენა კი არა, ჩვეულებრივ შუა ასაკის კრიზისი ეწყება.

ერთი სიტყვით, არ არის ნორმალური. ვიტყოდი უცხოპლანეტელია, მეთქი, მაგრამ ეს სიტყვა დაკავებულია. უცხოპლანეტელს მესიზე ამბობენ ხოლმე. მე კი ცოდვას ვერ დავიდებ, მესის და რონალდუს შორის ახალ დაპირისპირებას ვერ წამოვიწყებ; თან, სიტყვის გამო. იყოს მესი უცხოპლანეტელი, რონალდუ კი რამე სხვა: საიდუმლო ლაბორატორიაში შექმნილი, ახალი თაობის ბიორობოტი ან რამე ასეთი. ყოველ შემთხვევაში, ჩვეულებრივი ადამიანი რომ არ არის, აშკარაა. ორმოცს მიტანებული კაცი ან სად ხტება, ან როგორ დარბის… სათამაშო სიტუაციებში სხვებზე ადრე და უკეთ რომ ერკვევა, ეს ხომ უდავოა. ანუ, აზროვნების სისწრაფეც მეტი აქვს.

See the source image

არადა, ორმოც წელს ეხუმრებით? გადაიკითხეთ ლიტერატურა, გაიხსენეთ ძველი მწერლები ორმოცი წლის ხალხს როგორ აღწერენ. რომის იმპერიაში ორმოცი წლის კაცი მოხუცად ითვლებოდა.

მოკლედ, ეს ამბიციით აღსავსე, მამლაყინწა კაცი, ნამდვილად რაღაც სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგია.

გახსოვთ, ფილმი ტყუპები? შვარცენეგერი და დენი დე ვიტო რომ თამაშობენ. შვარცენეგერი სწორედ ასეთი სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგია, დე ვიტო კი გვერდითი ეფექტი, მონარჩენი მასალისგან გაკეთებული.

ისე, რონალდუც თუ სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგია, ნეტავ მისი მონარჩენი მასალისგან ვინ გააკეთეს?

და რაკი კრიშტიანუზე ლაპარაკმა ჰოლივუდი გაგვახსენა, კიდევ ერთი ფილმი ვახსენოთ — Die Hard, რომელსაც ჩვენში „კერკეტი კაკალი“ დაარქვეს. არ ფიქრობთ, რომ დღეს მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუ ისევეა, როგორც ბრუს უილისი Die Hard-ში? ოღონდ უილისი ცათამბჯენში არ ნებდება და იმარჯვებს, რონალდუ კი ფეხბურთის გუნდში.

See the source image

ეჰ, სულშერ, სულშერ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავს ბედნიერ კაცად მივიჩნევ ამ უდიდესი ფეხბურთელის კარიერის მომსწრე რომ გავხდი და მართალია, როგორც ასაკში შესულს თანამედროვეობის ბევრი რამ არ მომწონს, რონალდუს ეს არანაირად არ ეხება. ეპოქაზე ვბუზღუნებ, მაგრამ კრიშტიანუმ ეს ეპოქა დაამშვენა.

მესისთან ერთად, რასაკვირველია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *