დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისთან 1:2 წააგო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა ისაუბრა:
“ბიჭებს ვაფრთხილებდი, რომ მხოლოდ საკუთარი კვალიფიკაციის იმედად არ უნდა ყოფილიყვნენ. დღევანდელ შეხვედრაში მთავარი ხასიათის გამოვლენა იყო და ასეც მოხდა. ბიჭებმა ჩემი დავალებები შეასრულეს, დღეს მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია და მიხარია, რომ მოვიგეთ. ჩვენი მიზანი განმეორებითი შეხვედრის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
შემდეგ თამაშში ბევრ რამეს შევცვლით. ბაქოში სხვა ტაქტიკას და მიდგომას ვნახავთ. განმეორებით შეხვედრაში უფრო შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
გაშვებული გოლის შემდეგ დაცვაში ქაოსი იყო. მეორე ნახევარში ინდივიდუალური დავალებები გავეცი და სიტუაცია გამოსწორდა.
სანამ ჩამოვიდოდით, დინამოს რამდენიმე თამაშს ვუყურეთ. თითოეული ფეხბურთელი შევისწავლეთ. აქედან გამომდინარე უკვე ვიცოდით ვის რა შეუძლია. როცა დინამომ ცვლილებები გააკეთა, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან საკადრო პრობლემები გვაქვს. გუნდი ამ პრობლემებზე უნდა დაფიქრდეს, რათა სიცარიელები შევავსოთ.”-განაცხადა ბაქოელთა დამრიგებელმა.