სამირ აბასოვი: დღევანდელი თეორიული შეფასებები ხვალ შესაძლოა პრაქტიკაში არ დაემთხვეს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ბაქოს ნეფთჩის შეხვდება. მატჩის წინა დღეს მედიასთან ბაქოელთა მწვრთნელმა სამირ ასაბოვმა ისაუბრა.

“წლების შემდეგ ნეფთჩის ასეთი დონის ტურნირზე თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. ძალიან ვღელავთ, ტურნირი დიდი და ფართო მასშტაბიანია. ჩვენ გვჯერა, რომ მატჩისწინა დაძაბულობა თამაშის დროს მოიხსნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. შევეცდებით ჩვენი გუნდი და ხალხი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

აღსანიშნავია, რომ დინამოს გარკვეული უპირატესობები გააჩნია. ჩვენთან ჩემპიონატი დასრულებულია, საქართველოში კი მიმდინარეობს. დინამო შეთამაშებულია და ესეც მათი უპირატესობაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათანადოდ მზად არ ვართ.

გასაგებია, რომ ხვალინდელი შეხვედრა დაძაბული იქნება. ჩვენ გავეცანით მოწინააღმდეგე გუნდის სქემას. ბოლო 5 თამაშს ვუყურეთ, ერთია რომ გუნდს თეორიულად სწავლობ, მეორე როცა თამაშისას გრძნობ მის ძალას. დინამო თბილისი დიდი ისტორიის და ფასეულობების მქონე გუნდია, ისევე როგორც ბაქოს ნეფთჩი. კახა ცხადაძეს კარგად ვიცნობ, მე მისი ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი თუ რა დონის სპეციალისტია.

ცხადაძესთან ძალიან კარგი და თბილი მოგონებები მაკავშირებს, მისგან ბევრი ვისწავლე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ტაქტიკას გადმოვიღებ. ვცდილობ ჩემი მწვრთნელების საუკეთესო თვისებები შევაჯამო და საკუთარი ტაქტიკით ვათამაშო გუნდი. დღევანდელი თეორიული შეფასებები ხვალ შესაძლოა პრაქტიკაში არ დაემთხვეს.

გუნდის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. სამწუხაროდ ამ მომენტამდე ვერ შევძელით ფეხბურთელის დამატება. შანსების შეფასება ფეხბურთელების მიხედვით არასწორია. მთავარია ჩვენი ხასიათი გვქონდეს და მოგებაზე ვიყოთ ორიენტირებულები.”-განაცხადა ნეფთჩის თავკაცმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *