სამი ახალი მწვრთნელი ბორჯღალოსნებისთვის

ზაფხულის ტესტებზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი სამი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდება.დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და სპორტის მეცნიერი, ფიზ. მომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი, ჯერჯერობით გუნდში საცდელი ვადით იმუშავებენ. არაა გამორიცხული, რომ სამივე მათგანი სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის მსოფლიო თასისთვისაც დარჩეს.

ჯო ვურზლი

ჯო ვურზლი 1977 წელს ლონდონში დაიბადა და სასკოლო რაგბის შემდეგ, 16 წლისა ‘უოსპს’ შეუერთდა. 1995 წელს ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც ამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
ვურზლი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაში თამაშისას იყო, მესამე ხაზში სამივე პოზიციას ფარავდა და ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებთან ჰქონდა, მომავალ წელს კი, ექვს ერზე შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.
ჯო ნაკრებს გაუშინაურდა და ინგლისთან ერთად 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან 2007 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა, 2011 წელს კი კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯერ ნაკრებს დააკლდა, ნოემბერში კი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მანამდე, 2009 წელს, მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა.
სულ 1999-2011 წლებში ვურზლიმ ინგლისის ნაკრების კვართით 78 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა. საკლუბო დონეზე ის ‘უოსპსის’ ერთგული დარჩა და 275 შეხვედრაში გუნდს 195 ქულა შესძინა.
სპორტსმენის კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ჯერ ტოპ 14-ის ‘ბორდოს’ დაცვის მწვრთნელი იყო, ამ სეზონში კი ასევე ტოპ 14-ის ‘კასტრს’ ავარჯიშებდა და მასთან ერთად ფინალში გავიდა.
2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვურზლი ბორჯღალოსნებს დაცვაში, ლევან მაისაშვილთან ერთად ავარჯიშებდა.

ბენ პოლარდი

ფიზ. მომზადების კონსულტანტი, სპორტის მეცნიერი ბენ პოლარდი ბორჯღალოსნებთან 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე იმუშავებს. მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს.
ის ტოპ 14-ის ‘სტად ფრანსეს’ ფიზ.მომზადების მთავარი მწვრთნელია, პარალელურად კი ურუგვაის, ჩილეს, ნიდერლანდების მორაგბეთა ნაკრებისა და ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციის კონსულტანტია.
2016-2019 წლებში პოლარდი ინგლისის პრემიერშიფის ‘სარასენსში’ მუშაობდა და ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. მთლიანობაში, მან ‘სარასენსის’ აკადემიაში 8 წელი იმუშავა, 4 წელი კი ინგლისის ნაკრებს ავარჯიშებდა. ინგლისში ასევე მუშაობდა ‘ბათის’ და ‘კორნიშის’ ფიზ. მომზადების მწვრთნელის ასისტენტად, ახალ ზელანდიაში კი ‘ოკლენდის’ მწვრთნელად.

პოლ ტიტო
ახალ ზელანდიელი პოლ ტიტო 1997-2012 წლებში მეორე ხაზის პოზიციაზე თამაშობდა ‘ჩიფსში’, ‘ტარანაკში’, ‘ჰარიკეინსა’ და ‘კარდიფში’, ასევე 19 და 21 წლამდე ‘ოლ ბლექსში’ და ‘მაორი ოლ ბლექსში’.
2012 წლიდან მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სხვადასხვა დროს ‘ნიუ პლიმუთში’, ‘სანიქსში’ (იაპონია), ‘ჩიფსის’ 18 და 20-წლამდელთა გუნდებში და ‘ტარანაკის’ კაცთა გუნდში იმუშავა, 2018 წელს საფრანგეთს მიაშურა და ჯერ ‘პოს’ შერკინების მწვრთნელი იყო, მერე მთავარი მწვრთნელი. 2021 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ ‘ველინგტონის’, მერე კი ავსტრალიური ‘ვესტერნ ფორსის’ შერკინების მწვრთნელი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.