სამუდამო დისკვალიფიკაცია, ჯარი, ოქროს ბურთი…

„რუსებმა გაგვათავისუფლეს ფაშისტებისგან. ახლა კი ბულგარელები რუსებს გავათავისუფლებთ მსოფლიო ჩემპიონატისგან“ – ეს ხრისტო სტოიჩკოვმა თქვა 1997 წელს, შესარჩევის გადამწყვეტი მატჩის წინ. (Rsport)

გახმაურებული წინადადება იყო. ხრისტომ თქვა და შეასრულა კიდეც, ბულგარელებმა მოიგეს…

ლეგენდარული ბულგარელი თავდამსხმელი 56 წლის გახდა. ოდიოზური ტიპი, რომლის კარიერაც სავსე იყო გაუგებრობებით. ვინც არ იცის, 19 წლის სტოიჩკოვს ლევსკი სპარტაკის ფეხბურთელებთან ჩხუბის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

სამუდამო! ხრისტო არმიაში წავიდა და ფეხბურთს დაემშვიდობა, მაგრამ ნახევარ წელიწადში დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

გაბრაზებულმა ბიჭმა მხოლოდ ერთი წლის მერე განაახლა კარიერა. რატომ და როგორ იყიდა ბარსელონამ? სტოიჩკოვი სოფიის ცსკა-ში თამაშობდა და ჩემპიონთა თასზე სამი გოლი გაუტანა იოჰან კრუიფის გუნდს. მართალია, ცსკა ვერ გავიდა, მაგრამ კრუიფი გავიდა სატელეფონო ხაზზე…

საოცარი სეზონები ბარსელონაში, ესპანეთის ლა ლიგები, კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი და ზემოდან დამატებული მთავარი ინდივიდუალური პრიზი: ოქროს ბურთი 1992 წელს.

სტოიჩკოვი ცნობილია უხეში და პირდაპირი გამონათქვამებით. მაგალითად, რეალს რომ ვერ იტანს, ამას არც მალავს… და სიგიჟემდე უყვარს ლეო მესი. აი, მისი გამონათქვამები:

„ბარსელონას ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ მესის შეინარჩუნებდა. სამწუხაროდ, მოიტყუეს. სახლში მაქვს ნივთები, რომელიც მესის მახსენებს. მისი სხვა გუნდის მაისურით ნახვა უცნაური იქნება“.

„მესი გენიოსია. ის ლეგენდაა და ვერავინ შეედრება. არგენტინელებო, მას მუდმივად ვიღაცას ადარებთ, მაგრამ სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შედარება რთულია“.

„ჟორჟინიო კლუბშიც და ნაკრებშიც დიდებული იყო, მაგრამ არსებობს მესი“.

და ბულგარული ზღაპარი 1993-1994 წლებში? მართალია, ფრანგებს ბოლო წამებზე გადამწყვეტი გოლი ემილ კოსტადინოვმა გაუტანა და ბულგარეთი მსოფლიოზე გაიყვანა, მაგრამ ლიდერი იქ ერთი იყო – ხრისტო სტოიჩკოვი. და მუნდიალზე ბულგარელები ნახევარფინალამდე მივიდნენ, ხრისტომ კი 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, მსოფლიოს სამი ჩემპიონის კარში: არგენტინის, გერმანიის, იტალიის…

1995 წელს თბილისში მაინც გამწარდა. ზუსტად მაშინ, როცა საუკეთესო გუნდი ჰყავდათ. საქართველომ ბულგარეთს 2:1 მოუგო, სტოიჩკოვმა ბოლო წუთებზე გაიტანა და ერთ-ერთ მომენტში ქართველ ბურთის მომტან ბიჭს ხელი ჰკრა – დროზე მომაწოდეო…

Leave a comment

Your email address will not be published.