სამხრეთამერიკული სერიალი… რამდენს ბედავ, ტიტე?

 

 

13 ივნისს ბრაზილიაში კოპა ამერიკა უნდა დაიწყოს, თუმცა არეულობაა… ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე, შესაძლოა, პოსტიდან გაათავისუფლონ. მიზეზი ისაა, რომ ტიტეს არ სურს ჩემპიონატის სამშობლოში ჩატარება. მწვრთნელს მხარს უჭერენ ფეხბურთელებიც, მათ შორის ყველაზე აქტიურად კაზემირო.

Globo Esporte წერს, რომ ტიტეს ამ კოპა ამერიკაზე ნაკრებში არ დაუშვებენ და გუნდს რენატო გაუჩო გაწვრთნის. ტურნირის დამთავრების მერე კი, შესაძლოა, ტიტე ოფიციალურად დაითხოვონ.

მიზეზი პოლიტიკურია: ტიტეს წუწუნი აღიქვეს, როგორც ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ წასვლა. ბოლსონარუმ კი კოპა ამერიკის მასპინძლობისთვის იმიტომაც იბრძოლა, რომ თავისი პოზიცია გაემყარებინა.

მასპინძლობაზე სერიალს გადაირებდა კარგი რეჟისორი… წარმოიდგინეთ, ჯერ დამტკიცებული იყო, რომ კოპა ამერიკა-2021-ს არგენტინა და კოლუმბია ერთობლივად უმასპინძლებდნენ. მერე კოლუმბია პოლიტიკური არეულობის გამო განზე დატოვეს და არგენტინას დაუტოვეს უფლება, თუმცა ერთი კვირის წინ კონმებოლმა (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) არგენტინელებსაც კარი დაუკეტა: ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდაო…

და ამიტომაც გადაულოცეს მასპინძლობა ბრაზილიელებს, თუმცა ნაკრების ფეხბურთელებსა და ტიტესაც ეს არ გაუხარდათ. საქმე ისაა, რომ ბრაზილიაში არანაკლებად მძიმე ეპიდვითარებაა და თანაც, ფეხბურთელები არაფრად ჩააგდეს, აზრი არ ჰკითხეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *