სანდრო ალთუნაშვილი: მინდა დინამო ბათუმთან ერთად კიდევ ერთი ისტორია დავწერო

საქართველოს დინამო ბათუმის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. გუნდმა ეროვნული ლიგა დამაჯერებლად მოიგო და ისტორიაში პირველად დაეუფლა ოქროს მედლებს.

ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სანდრო ალთუნაშვილს. ნიჭიერი საყრდენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სანდრო ევროტურნირებზეც კარგი იყო, შრომა დაუფასდა და ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო, სადაც 2 მატჩი ჩაატარა.

დინამო ბათუმის ჩემპიონობაზე, ევროტურნირებზე, სანაკრებო შთაბეჭდილებებზე, ბათუმელ გულშემატკივრებზე და კიდევ სხვა თემებზე სანდროს ვრცლად ვესაუბრეთ.

– 2021 წლის წარმატებულ სეზონს როგორ მიმოიხილავ?

– დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. ბოლო ტურებამდე არ ვიცოდით ვინ გახდებოდა ჩემპიონი. როცა მეტოქე ესე ახლოს გყავს, შენ უფრო ნერვიულობ, მეტი წნეხია. ბოლოს ძალიან დაძაბულები ვიყავით, რადგან ერთი სული გვქონდა როდის გავხდებოდით ჩემპიონები. მანამდეც იყო თამაშები სადაც უაზროდ დავკარგეთ ქულები. ეს რომ არა, მესამე წრეში პირველობა უკვე განაღდებული გვექნებოდა. ისიც სათქმელია, რომ პირველი წრის საშინაო მატჩები გორში ჩავატარეთ, ამან კი საქმე გაგვირთულა. ყველამ კარგად იცის, რა ხდება, როცა მეტოქეს ბათუმში ვმასპინძლობთ.

– ხშირად იყო შემთხვევა როცა რომელიმე ტურში ჯერ დინამო თბილისი კარგავდა ქულებს და შემდეგ თქვენ, ან პირიქით. რატომ ხდებოდა ასე?

– როცა იცი, რომ შენმა კონკურენტმა ქულები დაკარგა, შინაგანად უფრო მშვიდად ხარ, თუმცა ასე არ უნდა იყოს. ეს გამოცდილება უკვე მივიღეთ, რომ მეტოქის წარუმატებლობამ არ უნდა მოგადუნოს.

– ეს ინტერვიუ დინამო ბათუმის ფანებზე საუბრის გარეშე ვერ ჩაივლის. როგორია შენი თვალით დანახული ბათუმელი გულშემატკივარი?

– თავისუფლად შევადარებდი ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდების გულშემატკივრებს. ჩემი აქ გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ხალხია. ჩემპიონობაში ბათუმელ ქომაგებს დიდი წვლილი მიუძღვით.

– როგორ გაიხსენებ იმ მომენტს როცა ოფიციალურად გახდით ჩემპიონები?

– თავიდან მეგონა, რომ ორივე დინამოს ერთ დღეს გვქონდა თამაში, როცა გავიგე, რომ ჯერ თბილისელები თამაშობდნენ და მეორე დღეს ჩვენ, წინათგრძნობასავით მქონდა, რომ ჩემპიონები იმ დღესვე გავხდებოდით. მახსოვს მანჩესტერ სიტი გახდა ასე ჩემპიონი, როცა ვარჯიშზე გაიგეს პირველობის ამბავი. დინამო თბილისის თამაშის ყურება სახლიდან დავიწყე, შემდეგ გზაშიც ვუყურებდი და ბაზაზეც. თავიდან მხოლოდ მე, კობახიძე და ნავალოვსკი ვუყურებდით, შემდეგ სხვებიც შემოგვიერთდნენ. უდიდესი ემოცია იყო, თითქოს იმ მომენტში ჩვენ ვთამაშობდით. ამ ემოციამ კიდევ გასტანა, დილასთან თამაშის შემდეგ და მომდევნო დღეს როცა ქალაქში გავედით. სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო ვხვდები რა გავაკეთეთ.

– როდის მიხვდი, რომ ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი თქვენ გქონდათ?

– როცა პირველ წრეში დინამო თბილისს ბათუმში 1:0 მოვუგეთ. ისეთი გარემო იყო, თავი უცხოეთში მეგონა. მანდ მივხვდი, რომ პირველზე გავიდოდით.

– გუნდის სპორტულ დირექტორზე ლადო დვალიშვილზე მინდა გკითხო. მის როლზე რას მეტყვი დინამო ბათუმში? ვიცი რომ ფეხბურთელების დიდი ნაწილი მისი მეშვეობით მიხვედით გუნდში.

– პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ლადო ძალიან კარგი ადამიანია. მას გუნდში დიდი როლი აქვს. მისთვის როგორც სპორტული დირექტორისთვის, დინამო ბათუმი პირველი გუნდია და თავის საქმეს მშვენივრად უძღვება. სიმართლე გითხრათ, ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დვალიშვილი იყო. მასთან ერთად მითამაშია და ვიცი, თუ რა დონის პროფესიონალია. ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე ვენდობი.

– საბურთალოდან წამოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის გარდა რა ვარიანტი გქონდა?

– რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, ყველაზე რეალური ლიბერეცის ვარიანტი იყო, თუმცა არ გამოვიდა. მიხარია, რომ დინამოში გადმოვედი.

– რამდენად კომფორტულია შენთვის გია გეგუჩაძესთან მუშაობა?

– გია ძალიან გამოცდილი და ძლიერი სპეციალისტია. გეგუჩაძემ ფსიქოლოგიური მიდგომა მშვენივრად იცის და ეს ეხმარება, რომ გუნდში ატმოსფერო შექმნას. რაც შეეხება ტაქტიკას და ფილოსოფიას, გადმოწყობა არ გამჭირვებია, რადგან მასთან ერთად დიდი ხანი მუშაობდა ჩემი ყოფილი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი და მისგან ბევრი ვიცოდი. ეს 2 მწვრთნელი დაახლოებით ერთი ფილოსოფიის მიმდევარია და ადაპტაცია მარტივად გავიარეთ.

– ევროტურნირებზე გადავიდეთ… ბატესთან ბათუმში 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ მშვენიერი ქამბექი შემოგვთავაზეთ…

– საშინაო მატჩში გოლი კონცენტრაციის დაკარგვის ხარჯზე გავუშვით. როცა ბელარუსში ჩავედით, ყველას გვეგონა, რომ თამაშს მოვიგებდით. ეს განწყობა ძალიან დაგვეხმარა.

– რა ქმნის გუნდში ამ განწყობას?

– ერთი გუნდი ვართ, რომელიც ერთი მიზნისკენ ისწრაფვის. ასევე რა თქმა უნდა გია გეგუჩაძე. ბელარუსში წაგებული ტაიმის შემდეგ შესვენებაზე გვითხრა, რომ გადით უბრალოდ ისიამოვნეთ და ნახავთ რაც მოხდება. ვაგებთ და ამაზე უარესი ხომ არაფერი იქნებაო. ჩვენც გავედით, რაც შეგვეძლო ვითამაშეთ და შედეგიც ნახეთ.

– სივასპორთან რა დაგაკლდათ წარმატების მისაღწევად? იყოს ეს მხოლოდ კლასი თუ კიდევ რამე?

– ფსიქოლოგიურად ძალიან დაღლილები ვიყავით, ფიზიკური გამძლეობაც დაგვაკლდა. დიდად კლასში სხვაობა იყოო რომ გითხრა ალბათ არა. ევროტურნირებს მაინც დადებითად შევაფასებ. ბევრი ახალი ფეხბურთელი ვიყავით, შეთამაშებისთვის დრო გვინდოდა და აქედან გამომდინარე დადებითად შევაფასებ წლევანდელ ზაფხულს. სივასპორსაც მოვუგეთ, როცა თებერვლის მერე აგვისტომდე წაგება არ ჰქონიათ.

– თურქეთი გამორჩეულია ფანობით. რამდენად შეგიშალათ ხელი სივასპორის გულშემატკივრებმა?

– პირიქით, ხელი შეგვიშალა კი არა, მეტოქის ფანებიც დამატებითი მოტივაცია იყო. მხურვალე ქომაგობის ფონზე თამაშს ჩვენი გულშემატკივრების წყალობით მივეჩვიეთ.

– სანაკრებო ამბებზე… როგორ გაიხსენებ იმ მომენტს, როცა გაიგე რომ ნაკრებში გამოგიძახეს?

– ვიცოდი, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიყავი. დვალიშვილმა დამირეკა და მითხრა შეიძლება გამოგიძახონ და მზად იყავიო. როცა სანაკრებო სიაში ვიყავი, ესეც ლადომ მითხრა, ბევრ ხალხში ვიყავი და ემოცია ვერ გამოვხატე. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ნაკრებში გამოძახებით ჩემიანები გავახარე. როცა გამომიძახეს, ეგრევე სახლში დავრეკე, მამაჩემი და ჩემი ძმა ერთად იყვნენ და ძალიან გახარებულები დამხვდნენ.

– შედეგების მხრივ ბევრი არაფერია გასახსენებელი, თუმცა როგორი ატმოსფერო დაგხვდა გუნდში?

– ბევრ ფეხბურთელს ვიცნობდი, ზოგთან კლუბში მითამაშია ზოგთან ახალგაზრდულ ნაკრებში. შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებსაც ადრე ვგულშემატკივრობდი და იმ  დღეს უკვე ჩემი გუნდელები იყვნენ. ეს რომ გავიაზრე ძალიან კარგი გრძნობა დამეუფლა.

– ვინმემ მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– კანკავას და კაშიას გამოვარჩევ, მათზე მანამდეც ბევრი მქონდა გაგებული, თუმცა საკუთარი თვალით ნანახი მაინც სხვაა.

– დებიუტი ესპანეთთან გქონდა. როგორი გრძნობა დაგეუფლა როცა ნაკრების მაისურა ჩაიცვი და სათამაშოდ ემზადებოდი?

– ძალიან ბედნიერი ვიყავი, ოცნება ამიხდა და ნაკრებში ვითამაშე. მაგ ფორმას შევინახავ, ვინც არ უნდა მთხოვოს არავის გავუცვლი.

– ამ გამოძახებამ მოტივაცია ალბათ ერთი ორად გაგიზარდა…

– რა თქმა უნდა. ეს მარტო ჩემთვის კი არა, ზოგადად საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებისთვისაც დიდი მოტივაცია იქნება. ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, სიტუაცია შეიცვალა და ეს ძალიან კარგია.

– ვილი სანიოლმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე?

– ძალიან უბრალო ადამიანია, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში მარტივად შემოდის. დიდი საფეხბურთო გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას გვიზიარებს.

– ვინ არის დინამო ბათუმში ყველაზე მოტივატორი?

– რთულია ვინმეს გამორჩევა, თუმცა მაინც მამუკა კობახიძეს ვიტყვი. კაპიტანია და თამაშის წინ გვამხნევებს ხოლმე. ზოგადად დინამო ბათუმი ერთი დიდი ოჯახია და მიხარია, რომ ამ გუნდში გადმოვედი. ასე იყო საბურთალოშიც, იქაც ერთი ოჯახი ვიყავით და ამ ფაქტორების გამო ადაპტაცია არ გამჭირვებია.

– კლუბში ყველაზე მეტს ვინ ხუმრობს?

– ლაზარე კუპატაძე. საოცარი მიმიკები აქვს, რაც არ უნდა თქვას მეცინება. მაგ ადამიანთან ერთად მთვარეზეც წავიდოდი.

– ყველაზე ხშირად რა სიმღერას უსმენ ხოლმე თამაშის წინ მოტივაციის ასამაღლებლად?

– Drake-ს Way too sexy.

– შენი უახლოესი გეგმები როგორია?

– მინდა დინამო ბათუმთან ერთად კიდევ ერთი ისტორია დავწერო და 2022 წელს ევროტურნირების ჯგუფში მოვხვდეთ. ასევე არც ზედიზედ მეორე ჩემპიონობაზე ვიტყოდი უარს.

– არჩევანი რომ გქონდეს საშუალო ევროპული ქვეყნის მოწინავე გუნდში გადახვიდოდი თუ ტოპ-5 ჩემპიონატის რომელიმე აუტსაიდერ კლუბში?

– საშუალო ჩემპიონატის მოწინავე გუნდში, რადგან მეტი ამბიციაა, უფრო შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობენ და მეც ეგ სტილი უფრო მომწონს.

– ვინ არის შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი?

– შრომისმოყვარეობით და საქმისადმი დამოკიდებულებით კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა მისი სტილი დიდად არ მომწონს. ყოველთვის ვიტყვი, რომ საუკეთესო მესია. ასევე ძალიან მომწონს ანდრეს ინიესტა.

– თანამედროვე ნახევარმცველებიდან ვის გამოარჩევ?

– ტიაგო ალკანტარასა და კევინ დე ბრუინს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *