ლას ვეგასში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ Summer League-ზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა. „ბაქსმა“ ამჯერად „ვაშინგტონთან“ წააგო 83:93.
შეხვედრის სტარტზე ნბა-ს მოქმედი ჩემპიონები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და 25:18 დაწინაურდნენ.
მეორე მეოთხედი „ვაშინგტონმა“ 15:0 გაქცევით დაიწყო – ტოდმა და ჰოლინსმა ზუსტად გაისროლეს პერიმეტრიდან, რასაც მეისონ ჯოუნსის „აფეთქება“ მოყვა და „ვიზარდსი“ 33:25 გავიდა წინ.
„ბაქსი“ სანდრო მამუკელაშვილის „ენდ ვანმა“ გამოაცოცხლა, ქართველმა კალათბურთელმა ჯერ ორქულიანი ჩააგდო, რასაც ზუსტი საჯარიმო ტყორცნაც მიაყოლა.
„ვიზარდსმა“ მეორე პერიოდი 26:13 მოიგო და დიდ შესვენებაზე 6 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 44:38.
მეორე ტაიმის მიმდინარეობისას „ვაშინგტონი“ მუდმივად წინ იყო ანგარიშში და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა 93:83.
მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა საზაფხულო ლიგაზე 11 ქულა+10 მოხსნა(3 მეტოქის ფარზე)+5 პასი+4 ჩაჭრა.ქართველმა კალათბურთელმა 11-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და 4 ჩააგდო (პერიმეტრიდან 2 სროლა ააცილა).
„მილუოკის“ რიგებიდან 18-18 ქულა ჩააგდეს ნვორამ და დიაკიტემ, 10 ქულა დააგროვა ქრასერმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ვაშინგტონის“ მსუბუქი ფორვარდი – კორი კისპერტი გახდა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 15 ქულა ქონდა ჰოუმსლის, 13 ეჩენიქეს.
დღეს, ღამის 12 საათზე „მილუოკი“ „დენვერს“ დაუპირისპირდება და ამ მატჩით დაასრულებას გამოსვლას ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. უაღრესად საინტერესო იქნება სანდრო მამუკელაშვილის დაპირისპირება გიორგი ბეჟანიშვილთან.