ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია – მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი მაიამის ეწვია და ადგილობრივ „ჰიტთან“ 42 ქულიანი სხვაობით განადგურდა 95:137.
მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, „ბაქსის“ რიგებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე სოლიდური 27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. „მამუმ“ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან 4-დან 2. სანდრომ ორივე საჯარიმო ტყორცნა უპრობლემოდ გამოიყენა და შეტევითი ფუნქციების შესრულებისას საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მამუკელაშვილს რიგ მომენტებში გაუჭირდა დაცვაში თამაში – ქართველი სამ წამიან ზონაში ვერ უმკლავდებოდა დუვეინ დედმონს, როომელმაც ფიზიკურად დაჯაბნა მეტოქე. ერთ ეპიზოდში კი ტაილერ ჰირომ ითამაშა „ეშმაკურად“ – სანდრო ფოლზე წამოიკიდა და „ენდ ვანი“ ჩაუგდო.
„მაიამიმ“ მატჩი 32:7 გაქცევით გახსნა და პირველივე წუთებიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. „ჰიტის“ ყველა კალათბურთელს წაუვიდა ტყორცნები და ისინი შორი დისტანციებიდან ბომბავდნენ „ბაქსს“. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა შეცვლაზე შემოსულმა ტაილერ ჰირომ, რომელმაც 18-დან 10 ბურთი ჩააგდო და 27 ქულა დააგროვა.
პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 23 ქულიანი სხვაობით იგებდნენ მატჩს (40:17) და არც მეორე პერიოდში შეცვლილა დიდად სურათი. ერიკ სპოელსტრამ განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე გამოიყვანა პარკეტზე და თითოეულმა მათგანმა თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
მესამე მეოთხედში ანგარიში უკვე 105:68 იყო და აშკარა გახლდათ, რომ „მილუოკის“ ეს მატჩი უკვე წაგებული ქონდა. „ბაქსმა“ ლიდერები პარკეტიდან გაიყვანა და ღრმა სათადარიგოებით ჩაამთავრა შეხვედრა.