ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. Summer League-ს ფინალურ რაუნდში „ქართული“ დაპირისპირება შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერის“ წინააღმდეგ.
მატჩი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. სანდრო „ბაქსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა საკმაოდ აქტიურადაც დაიწყო – ცდილობდა „შავი“ სამუშაო შეესრულებინა და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა.
მამუკელაშვილმა ჯერ Tip shot-ით ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში, რასაც მალევე საშუალო დისტანციიდან ზუსტი ტყორცნა მიაყოლა და სათავე დაუდო „მილუოკის“ გაქცევას 24:16.
მეორე მეოთხედის სტარტზე პარკეტზე ქართული დაპირისპირება შედგა – სანდროს ავსტრიის სახელით მოასპარეზე გიორგი ბეჟანიშვილის წინააღმდეგ მოუწია პარკეტზე ყოფნა.
მამუკელაშვილმა მეორე პერიოდიც წარმატებით დაიწყო – ჯერ მეტოქის კალათზე იბრძოლა, შეტევაში მოხსნა ბურთი და „ენდ ვანი“ შეასრულა, მომდევნო შეტევაში კი იდეალურად გაითამაშა „პიკ ენდ როლი“ თანაგუნდელთან და მარტივად აიღო 2 ქულა.
„დენვერი“ დროულად გამოფხიზლდა – გიორგი ბეჟანიშვილმა პირველი ნაბიჯი „მოუგო“ სანდროს, შეასწრო სამწამიან ზონაში და ბურთი წარმატებით ჩააგდო კალათში, ანგარიშიც გათანაბრდა 29:29.
ტრაისის შთამბეჭდავი ასპარეზობის ფონზე „ბაქსმა“ პირველი ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით მაინც მოიგო 46:41.
მეორე ტაიმი „ნაგეთსის“ 11:4 გაქცევით დაიწყო. „მილუოკის“ ჭირდებოდა ლიდერი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს და გამოაფხიზლებდა გუნდს – ასეთი კალათბურთელი სანდრო გამოდგა რომელმაც პერიმეტრიდან ზუსტად გაისროლა და ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე პირველი სამქულიანი ჩააგდო.
„დენვერი“ ცდილობდა ანგარიშში დიდი სხვაობით გაქცეულიყო წინ, თუმცა ამის საშუალებას მამუკელაშვილი არ აძლევდა, რომელმაც ერთი-ერთზე „მოტეხა“ დამცველი, შევიდა სამწამიან ზონაში და მორიგი ქულები მოუტანა საკუთარ გუნდს.
მეოთხე მეოთხედში „ნაგეთსი“ მაინც სოლიდური სხვაობით გავიდა წინ, თუმცა პარკეტზე დაბრუნებულმა ქართველმა კალათბურთელმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და „მილუოკის“ თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა 85:90.
„დენვერმა“ ჰაილანდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა მცირე ჰანდიკაპი და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა 94:87.
„მილუოკის“ რიგებიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც მატჩი 20 ქულით, 7 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარებით დაასრულა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი ითამაშა, თამაშიდან 12-ჯერ ესროლა ბურთი და 8 ჩააგდო. სანდრომ პერიმეტრიდანაც ბრწყინვალედ იმუშავა – 4 შორეული ტყორცნიდან 3 ზუსტად მოათავსა მეტოქის კალათში.
„დენვერის“ რიგებში მოთამაშე გიორგი ბეჟანიშვილმა მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 2 ქულა, 1 პასი და 1 დაფარება იყო.
„მილუოკიმ“ ნბა-ს საზაფხულო ლიგა 1 მოგებით და 4 წაგებით დაასრულა, ხოლო „ნაგეთსმა“ 2 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო.