სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი „მილუოკის“ რიგებში

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა – „მილუოკი ბაქსმა“ პირველი საგამოფენო მატჩი გამართა ახალი, 2021-22 წლების სეზონის წინ.

მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი FedExForum-ზე „მემფისს“ ეწვია და 77:87 დამარცხდა.

„მილუოკის“ რიგებში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში ქართველი მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე საკმაოდ სოლიდური 29 წუთი გაატარა და საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სანდროს ანგარიშზე 9 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ქართველი კალათბურთელი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 5 მოხსნა მეტოქის ფარზე.

„მემფისმა“ მატჩის სტარტზევე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, მოიგო რა პირველი მეოთხედი 35:23 და ამის შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია ლიდერობა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „გრიზლისის’ გამთამაშებელი ჯა მორანტი დასახელდა, რომელმაც 24 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ერთ მომენტში კი სოლიდური სლემ დანქიც შესთავაზა დარბაზში შეკრებილ გულშემატკივრებს.

წინასასეზონო,პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა „ინდიანა პეისერზმაც“. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 21 ქულიანი მარცხი იწვნია სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ 104:125.

ისევ არადამაჯერებელი იყო ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა (1-დან 0 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *