სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რა საფეხბურთო დღეები გვქონდა, იფ, იფ, იფ… არ დაგვასვენა საქართველოს ნაკრებმა (კარგი გაგებით) და შედეგთან ერთად, ლაღი თამაშიც აჩვენა. ძალიან სპეციფიკური კალენდარი, გადატვირთული გრაფიკი, 29 გამოძახებული ფეხბურთელი და ვილი სანიოლის დილემები – შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გაითვალისწინო, ზუსტად შეარჩიო შემადგენლობა ოთხივე შეხვედრაში.

4 მატჩში 10 ქულა და 12 გატანილი გოლი, ამ ოთხიდან სამი მოგება და სამივე დიდი ანგარიშით. კარგი პერიოდი უდგას ნაკრებს და თუ გადავხედავთ, ასაკობრივ ნაკრებებსაც როგორ შეეტყოთ, როგორ გამოასწორეს შედეგები. ეტყობა, ეს ყველაფერი გადამდებია, მუხტი, ემოციური მხარე.

რამდენიმე დღის წინ ცოტა ანალიტიკური კუთხით შემოგთავაზეთ წარმატების ფაქტორებზე… (https://leadersport.ge/news/5-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C)

ახლა კი, სტატისტიკურად გადავხედოთ.

სანიოლის ხელში საქართველომ ჩაატარა 18 მატჩი და ჯამში ასეთი შეფარდებაა: 8 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება, ბურთები 23:22

ახლა სერიებს შეხედეთ. პირველი 9 თამაში: 1 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება, ბურთები 5:19

მომდევნო, ანუ ბოლო 9 თამაში: 7 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, ბურთები 18:3.

(გეგონება ფილმი „როკი 4“ არისო, თავიდან რომ სასტიკად ცემენ როკი ბალბოას, მაგრამ მერე ყველაფერი პირიქით რომ ტრიალდება).

გატანილი 23 გოლიდან 7 ხვიჩა კვარაცხელიასია. 3-3 ზურიკო დავითაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ, 2-2 გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა, 1-1 კი დავით ვოლკოვმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი აბურჯანიამ, გურამ კაშიამ, ოთარ კიტეიშვილმა და ერთიც ბულგარელმა მცველმა მიითვალა ავტოგოლით.

კვარაცხელიას ზოგადად ნაკრებში 8 გოლი მოუგროვდა, ამ ასაკში კი საქართველოს ნაკრებში ამდენი არავის ჰქონია. გოლებსაც და თამაშსაც ხომ გააჩნია: ხვიჩა განუზომელი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის, მისგან იქმნება მთავარი ეფექტი.

13-13 გოლი აქვთ ყაზაიშვილსა და ოქრიაშვილს. მათ წინ მხოლოდ სამნი არიან: შოთა არველაძე (26), თემურ ქეცბაია (17) და ალექსანდრე იაშვილი (15).

ალბათ, ნაკრების თამაშების ზოგადი სტატისტიკაც დაგაინტერესებთ. 1990 წლის 27 მაისიდან დღემდე:

სულ: 268 მატჩი, 83 მოგება, 57 ფრე, 128 წაგება, ბურთები 309:378

შესარჩევი: 132 მატჩი, 29 მოგება, 27 ფრე, 76 წაგება, ბურთები 127:101

ერთა ლიგა: 18 მატჩი, 10 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება, ბურთები 31:11

ამხანაგური: 118 მატჩი, 44 მოგება, 24 ფრე, 50 წაგება, ბურთები 151:166

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.