სანიოლი: წელი პოზიტიურად უნდა დავასრულოთ

უზბეკეთთან ამხანაგური მატჩის წინ, ჟურნალისტების წინაშე ვილი სანიოლი წარსდგა. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა შვედეთთან ისტორიულ გამარჯვებაზეც ისაუბრა

 

“შვედეთთან მატჩში გუნდური სულისკვეთება მინდა გამოვარჩიო. ის ბევრ ასპექტს მოიცავს, მათ შორის ტაქტიკურ დისციპლინას. მომეწონა თამაში, რომელიც ბიჭებმა აჩვენეს, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შეტევაში უკეთესია, თუმცა დაცვასაც ძალიან დაეხმარნენ. შვედეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მგონია, რომ ჩვენი თამაშით სიურპრიზი შევთავაზეთ. იდეალური მატჩი არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ხვიჩა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ახლა იღიმის და პოზიტიურ განწყობაზეა. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები მწვრთნელის დავალებებს 100%-ით ვერ ასრულებენ. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო თამაშებში ჩანს, რომ მოთამაშეებმა იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ. სტაბილურობისთვის, ბევრ ცვლილებას არ ვაპირებ. წლის ბოლო თამაშია და ვეცდებით ის კარგ განწყობაზე დავასრულოთ.

 

გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, ვიღაცებს ეს მოსწონთ, ვიღაცებს – არა. რაც საქართველოს ნაკრებში ვარ, ვცდილობ ყოველთვის სამართლიანი ვიყო. ჩაკვეტაძეს 2 წელი გაუცდა, ტრავმა ახლა მოიშუშა და ფორმის აღდგენას ცდილობს. ამას კლუბში სტაბილურად თამაში და ყოველდღიური შრომა სჭირდება. მისი ტალანტი კითხვის ნიშნებს არ აჩენს, თუმცა ნიჭი ფეხბურთში 25-30%-ია. მახარებს, რომ შეტევაში კონკურენცია ვიგრძენი, ბევრი ფეხბურთელი კარგად გამოიყურება: კვარაცხელია, წიტაიშვილი, დავითაშვილი და სხვები. ეს ნაკრებს წაადგება.

 

რა თქმა უნდა, სტანდარტულებზე ვმუშაობთ, თუმცა ამისთვის საკმარისი დრო ყოველთვის არ გვაქვს. რაც შეეხება შვედეთთან გოლს, ეს უფრო ოქრიაშვილის მინდორზე მოგონილი შთაგონებაა, ვიდრე ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაცია. გვსურს გუნდური თამაში კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ და მოვიგოთ. 4 თვე ვერ შევიკრიბებით”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *