“სან სიროზე ზლატანს ასეთ წითელს მისცემდნენ?” – ჟოზე VS მსაჯები…

 

ჟოზე მოურინიუს რომა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ერთერთი მთავარი ვარსკვლავია. პორტუგალიელის გუნდი ლამაზ სტილში იგებს და, ასევე – აგებს…

ერთი რამ უცვლელია – მოუ მსაჯებზე მუდამ გაბრაზებულია. მიმდინარე სეზონში, მან VAR-ის წინააღმდეგაც გაილაშქრა – უფრო სწორად, თქვა, თანამედროვე ტექნოლოგია როგორი უნდა იყოს…

ჯენოასთან მატჩის შემდეგ, ჟოზე როზარიო აბისოზე (მსაჯი) გაცოფებული იყო. 90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ძანიოლომ გაიტანა, VAR-მა გოლი გააუქმა, ძანიოლო კი, კამათის გამო, რეფერიმ მოედნიდან გააძევა.

“ფიქრობთ, ძანიოლო ინტერში, იუვენტუსში ან მილანში რომ თამაშობდეს, იგივე მოხდებოდა? მასზე პენალტს მთელი სეზონია არ ნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით უხეშად ეთამაშებიან. როგორც კი ხმას ამოიღებს, მაშინვე ბარათს უჩვენებენ. ისეთ კრეატიულ ფეხბურთელს, როგორიც ძანიოლოა, უკვე 7-8 ყვითელი და ორი წითელი აქვს. 

ძანიოლო მოედნიდან იმის გამო გააგდეს, რომ მისტერ აბისოს სამჯერ ჰკითხა: “რა ჯანდაბის გამო უსტვენ?”. აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა. მსაჯი რომ ვყოფილიყავი და ვიღაცას გოლის აღნიშვნა 90-ე წუთზე დაეწყო, შემდეგ კი ეს გოლი გაუქმებულიყო და ის, ბუნებრივია, გაღიზიანდებოდა, მხოლოდ ყვითელს ვუჩვენებდი. ფიქრობთ, ასეთ სიტუაციაში, ინტერის სტადიონზე, ლაუტაროს წითელს მისცემდნენ? იუვენტუსის სტადიონზე, კიელინის? ზლატანს სან სიროზე?”

ასევე, დაამატა: “თუ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ჩვენი სპორტი, რომელიც მაყურებელმა ბევრი წლის წინ შეიყვარა, შეიცვალა. ეს უკვე სხვა სპორტია. თუ იქ ჯარიმა იყო, ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის, მოდი სხვა სახელი დავარქვათ. თუ მსაჯმა შეცდომა დაუშვა და გოლი ტყუილად გააუქმა, ის პირველი იქნება, ვინც ამას ინანებს. ეს რომასთვის უკვე დეჟავუა. ამ სეზონში, ასეთი რამ უკვე ბევრჯერ მოხდა. 

მესამე ვარაინტიც არსებობს – ვინც ზემოთაა, იმათ თვალში რომა პატარა კლუბია. აქ დავასრულებ. ეს მოურინიო იმისგან განსხვავდება, ვინც კლუბში 7 თვის წინ მოვიდა”

***

მილანთან 1:3 მარცხის შემდეგ, მოუ ფეხბურთელებზე გაბრაზებული იყო, თუმცა მხედველობის მიღმაც VAR-იც არ დარჩა

“დღეს არც ჩემი გუნდის თამაში მომეწონა და არც მსაჯის მუშაობა. მსაჯსაც და ვიდეო ასისტენტსაც კვალიფიკაცია აკლია. ტამი აბრაჰამს ბურთი მხარზე მოხვდა, მაგრამ ეს ბურთის გასაჩერებლად არ გაუკეთბია. თუ ასეთ პენალტებს ნიშნავ, მაშინ ძანიოლოსა და იბანიესის შემთხვევაში რა მოხდა? ან სამი პენალტი უნდა ყოფილიყო, არ არც ერთი. 

თამაშში თანმიმდევრულობის დანახვა გვინდა, ამიტომ ვამბობ რომ მსაჯობის ხარისხი დაბალი იყო, თუმცა კარგი დღე მათაც არ ჰქონდათ. რეფერიმ ხასიათი ვერ გამოავლინა. VAR-ის ჩარევა უნდოდა, მაგრამ თამაში გაგრძელდა… ჩვენ პატარა ხალხი ვართ. ეს თავიდანვე მაგრძნობინეს. რომაში 6-7 თვეა ვარ, ამ დამოკიდებულებას ვეჩვევი, თუმცა არ ვეგუები. ამის თქმა არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: არ მესმის მსაჯი და VAR დღეს რას აკეთბდნენ…”

***

ბოლონიასთან მარცხი (0:1) შემდეგ, მოუსგან კრიტიკა ლუკ პაირეტოს (მსაჯი) არ დააკლდა. ჟოზეს აზრით, რომას ფეხბურთელები ბარათებს დაუმსახურებლად იღებდნენ, მაგალითად ძანიოლოს შემთხვევაში, როდესაც ფეხბურთელმა ყვითელი სიმულაციის გამო მიიღო.

“საბედნიეროდ, მანჩინის შეცვლა მოვასწარი, თორემ ბარათს მასაც მისცემდნენ. ისეთი რამის თქმა მიწევს, ჩემს ინტერესში რომ არ შედის: ძანიოლოს ადგილას რომ ვიყო, დავფიქრდებოდი, რომ სერია ა რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა. მისთვის გაუსაძლისი პირობებია, თავს ცუდად ვგრძნობ, როცა ვხედავ როგორ ექცევიან. იმ ყვითელ ბარათზე, რომელიც პრიეტომ მიჩვენა, მირჩევნია არაფერი ვთქვა, რადგან მას უკვე ყველაფერი ვუთხარი, რაც მინდოდა სცოდნოდა”

ბოდო/გლიმტთან გასვლაზე მარცხის (1:6) შემდეგ, რომამ ნორვეგიელებთან გამარჯვება სახლშიც ვერ მოიპოვა (2:2) და მოურინიო მსაჯებზე ისევ გაბრაზდა

“2:2 რეალობას ასახავს, მაგრამ ორი პენალტი არ დაგვინიშნეს. ეს ნათელია. შეგიძლიათ ყველაფერი თქვათ, მაგრამ კარში ორჯერ დაარტყეს და ორივე გაგვიტანეს. ჩვენ ორი გავიტანეთ და ორი პენალტიც უნდა დაგვერტყა. შესაძლოა, აქ ცუდი მსაჯები მუშაობენ და კარიერს კონფერენს ლიგაში იწყებენ. ნორვეგიაში მსაჯებზე არაფერი მითქვამს, რადგან 1:6 წავაგეთ, თუმცა აქ ორი პენალტი გვეკუთნოდა. ჩვენ შეგვიძლია პრაგმატულები ვიყოთ, მაგრამ რომამ მსაჯების გამო რამდენი ქულა დაკარგა? ნახეთ იუვენტუსის, მილანის და ბოდო-გლიმტის წინააღმდეგ მატჩები”

***

ჟოზემ დანიელე ორსატოსაც შეუტია: იუვენტუსთან წაგებული მატჩის (0:1) პირველ ნახევარში, მსაჯმა რომას გოლი გაუუქმა და ამის სანაცვლოდ თერთმეტმეტრიანი მისცა…

“მეოთხე მსაჯმა მითხრა, რომ შემტევ გუნდს უპირატესობა არ ეძლევა. ამის შემდეგ კამათი აღარ მსურდა. არ მინდა რეფერი განვსაჯო. ამაზე მათ არ ვუპასუხებ, ჯანლუკა როკისა და სხვა ექსპერტების აზრს დაველოდები”

ლაციოსთან წაგებული (2:3) შეხვედრის შემდეგ, მოურინიო მარკო გუიდაზე გაბრაზდა

“დიდებული მატჩი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მსაჯი და VAR მოწოდების სიმაღლეზე არ იდგნენ. ლაციოს მეორე გოლამდე, ანგარიში 1:1  უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც მთავარმა მსაჯმა, ასევე VAR-მა შეცდომა დაუშვეს. ეს მეტისმეტია. ლუკას ლეივას გაძევება თამაშზე გავლენას მოახდენდა, რადგან მოედანზე 11 ფეხბურთელით ხარ თუ 10-ით, დიდი განსხვავებაა. ამ კვირაში ორი მსგავსი ეპიზოდი იყო – პელეგრინი ამის გამო გააგდეს, მაგრამ დღეს არაფერი მომხდარა.

ჩემი ფეხბურთელების გვერდზე ვარ. რომა დღეს უკეთესი გუნდი იყო. როდესაც 3 გოლს უშვებ, ბუნებრივია, რომ შეცდომები დაუშვი. რაც არ უნდა იყოს, ლაციომ მეორე და მესამე გოლები კონტრ-შეტევებზე გაიტანა. მეორე გოლისას, ველოდით რომ პენალტს მივიღებდით და მეტოქის კონტრ-შეტევისგან თავი ვეღარ დავიცავით,” – თქვა ჟოზემ.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *