სარდალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ლუქსემბურგში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა ახალგაზრდებს შორის.

პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე 2 ქართველი გამოვიდა. 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო თენგიზ ზირაქაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

სარდალაშვილმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გაიარა – 4 დაპირისპირება და 4 ნაადრევი გამარჯვება.

გიორგიმ პირველ წრეში ბერძენ კესიდის მოუგო, მეორე რაუნდში ჯუზეპე დე ტულიოს სძლია, 1/4 ფინალში ბელგიელი დენი ალტემიროვი ორჯერ დააგდო ვაზარიზე, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ასევე უშანსოდ დატოვა ებრაელი მატან კოკოლაევი.

ფინალურ მატჩში სარდალაშვილის მეტოქე ფრანგი რიკარდ რომენ ვალადიერი გახლდათ. ქართველმა ძიუდოისტმა ბრძოლა პარტერში დათმო. ქვეჭიდში გიორგი აქტიურობდა, თუმცა ფრანგი დროულად გადმოვიდა კონტრშეტევაზე და ბოჭვაზე აქეთ დაგვიჭირა.

სარდალაშვილი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავისზე 1-2 წლით უფროსებთან უწევდა დაპირისპირება და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. გიორგი მომავალში შეიძენს გამოცდილებას და შეუძლია თავის წონით კატეგორიაში დომინანტ ძიუდოისტად იქცეს.

66 კგ წონით კატეგორიაშიც დებიუტანტი – 18 წლის ზირაქაშვილი გვყავდა. თენგიზმაც „იპონებით იარა“ ნახევარფინალამდე – ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა იტალიელი ალექსანდრ კომერზანი, უნგრელი გიორგი ჟატმარი და ნიდერლანდელი დილან ვან დერ კოლკი.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზირაქაშვილი მედალს აუცილებლად მოიპოვებდა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა რუს კანტემირ კოძოევთან, მესამე ადგლისთვის ბრძოლა კი უკრაინელ იევჰენ ჰონჩარკოსთან დათმო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *