საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელმა ერვე რენარმა მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებულ ფინალზე და ლეო მესიზე ისაუბრა. მან ახსნა თუ როგორ შეიძლება არგენტინელის შეჩერება. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ნაკრებმა არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა.
“ჩვენ არა მხოლოდ მესიზე, არამედ მთელ გუნდზე ვიყავით კონცენტრირებულები. აუცილებელია გააანალიზოთ თუ რომელ ზონაში მოქმედებს მესი. პირველ რიგში საჭიროა როდრიგო დე პაული გაანეიტრალოთ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა არგენტინა ბურთს კარგავს, დე პაული მესის დაცვითი ფუნქციებისგან ათავისუფლებს.
მესისთან ყოველთვის ახლოს უნდა იყო როცა იგი ბურთს იღებს. აუცილებელია კარიდან 35-40 მეტრზე ზეწოლა. მესის არ უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გუნდის შეტევებს უმეტესად სწორედ ის იწყებს ხოლმე. ის იწყებს მარჯვენა ფლანგიდან და შემდეგ სწრაფად გადადის შეტევაში. საფრანგეთის ნაკრებს ამის შეჩერება შეუძლია. ეს რაბიოს და ჩუამენის კარგად გამოუვათ.” – ციტირებს რენარის სიტყვებს L’Equipe.