საფეხბურთო ზეიმი კოპენჰაგენში – ესპანეთმა ხორვატიას ბრძოლაში მოუგო

ევრო 2020-ზე მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ვიხილეთ, მატჩი, რომელიც ტურნირის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მაინცაა. კოპენჰაგენში ერთმანეთს ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები შეხვდნენ, 1/8 ფინალი ფურია როხას სასარგებლოდ 5:3 დამთავრდა.

ანგარიში მე-20 წუთზე წლის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა. პედრიმ უნაი სიმონს გაუკეთა გადაცემა, ესპანელთა კიპერმა ბურთი ვერ შეიმაგრა და ასე გავიდა პირველი გოლი.

ესპანელებმა შეტევებს უმატეს და 38-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. პაბლო სარაბიამ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით აიღო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონების კარი.

მეორე ტაიმში ესპანეთი უკეთესი იყო და 2 ბურთი შეაგდო, 57-ე წუთზე ჯერ სეზარ ასპილიკუეტამ გაიტანა, 76-ზე კი ფერან ტორესმა.

ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ ესპანეთი შემდეგ ეტაპზე მშვიდად გავიდოდა, თუმცა ხორვატიამ ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და ბოლო 10 წუთში ორჯერ გაიტანა. 85-ე წუთზე ორშიჩმა შეაგდო, 92-ზე კი პაშალიჩმა და 3:3 გახდა.

დამატებულმა დრომ ესპანეთის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა. მეასე წუთზე ალვარო მორატამ, რომელსაც ხშირად არ უმართლებდა და ბევრს აცუდებდა, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, 3 წუთში კი შეცვლაზე შესულმა მიკელ ოირასაბალმაც შეაგდო.

ესპანეთი – ხორვატია საბოლოოდ 5:3 დასრულდა და ორივე გუნდმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ფურია როხა 1/4 ფინალში საფრანგეთი – შვეიცარიას შორის მოგებულს გაეჯიბრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *