საფრანგეთის ქართული ლეგიონი ჩემპიონატისთვის ემზადება

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. ქართველი მორაგბეების კლუბები სეზონისთვის სამზადისის ბოლო ფაზას გადიან და ძირითადად საკონტროლო მატჩებს მართავენ. ამ უქმეებზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

გიორგი ცუცუქირიძის, გიორგი ჯავახიას, მიხეილ ალანიას, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი გოგოლაძისა და ლუკა ნიორაძის ორიაკმა ელიტური, პირველი დივიზიონის კლერმონთან 15:28 წააგო. აღსანიშნავია, რომ ორიაკელებმა პირველი ტაიმი 15:8 მოიგეს. თუმცა, შესვენების შემდეგ ვულკანებმა მიანც იძალეს.

შეგახსენებთ, რომ კლერმონის შერკინების მწვრთნელი ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილია.

ბექა კაკაბაძისა და ირაკლი მირცხულავას ოიონაქსი ლუკა გოგინავას, ილია კაიკაციშვილის, ნიკა ღვალაძისა და ზურაბ ჟვანიას გრენობლს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 23:23. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო.

27 აგვისტოს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის პირველ ტურში სწორედ ეს გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. მასპინძელი გრენობლი იქნება.

ლევან ჩილაჩავას კასტრმა, რომელიც პირველდივიზიონელია, შინ მიიღო მეორე დივიზიონში მოასპარეზე მირიან ბურდულის მონტობანი და 33:26 დაამარცხა.

ვახტანგ ახობაძის, ლუკა აზარიაშვილის, თირნიკე ჯალაღონიას, უშანგი ჭეიშვილისა და გიორგი ნუცუბიძის ბიარიცმა, რომელიც წლეულს ელიტაში დაბრუნდა ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდოსთან 7:28 წააგო. ყაულშვილმა მეორე ტაიმში ლელო მიითვალა. ეს გუნდები ბიარიცში საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს 4 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

დავით ქუბრიაშვილის, ვახტანგ ჯინჭარაძისა და გიორგი თეთრაშვილის პერპინიანმა შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის კოლომიე – 19:5.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *